„ხეტაფე: სირცხვილი საზღვრებს გარეშე“ - ესპანური As-ი იბერიასთან მატჩზე
„იბერია 1999“-ისა და „ხეტაფეს“ მატჩს (1:0) ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეხვედრის მთავარი კრიტიკული ანალიზი ერთ-ერთმა წამყვანმა გამოცემამ, Diario AS-მა დაბეჭდა სათაურით „ხეტაფე: სირცხვილი საზღვრებს გარეშე“.
„ხეტაფემ გადაწყვიტა, სირცხვილისთვის საზღვრები არ დაეწესებინა და კონფერენს ლიგის პირველ სამ ტურში წარუმატებლობათა „უხვი მოსავლის“ შემდეგ, საკუთარი თავისთვის რომ ეჯობნა, 5 163 კილომეტრის მანძილზე გაემგზავრა - მადრიდიდან თბილისში (საქართველო), რათა წაეგო „იბერიასთან“, UEFA-ს რეიტინგის 244-ე გუნდთან. „იბერია“, რომელიც 1999 წელს „საბურთალოს“ სახელით დაარსდა, სანამ ორი წლის წინ სახელს შეიცვლიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეიძინა, ტურნირის ერთ-ერთ აუტსაიდერად („კონკიად“) მიიჩნეოდა. ჰოდა, ამ აბუჩად აგდებულმა გუნდმა „ხეტაფეს“ თავს ლაფი დაასხა და ესპანელები სამშობლოში სირცხვილისგან გაწითლებულები დაბრუნდნენ.
საქმე მხოლოდ მარცხში არ ყოფილა - მნიშვნელოვანი იყო ფორმაც. გამოსავლის ძიებაში, შესვენებაზე ბორდალასმა მოედნიდან გაფრთხილებული ფეხბურთელები - დავინჩი და ტერატსი გაიყვანა, ხოლო შეცვლაზე შესულთაგან ერთ-ერთმა, მანგალამ, სამ წუთში წითელი ბარათი მიიღო. დაპირისპირება კონტექსტში რომ მოვაქციოთ, „იბერიას“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მისი მარცხენა მცველი ჯინჯოლავაა, რომელიც თავის დროზე ესპანეთში იჯარით „ფუნდასიონ ბენიდორმსა“ და „კადის B“-ში თამაშობდა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შეხვედრა, რომლის დაწყებისას ჰაერის ტემპერატურა ერთი გრადუსი იყო, „ლურჯების“ აქტიურობით დაიწყო და მე-8 წუთზე რისკოს შესანიშნავი ინდივიდუალური რეიდი, რომლის დარტყმულიც ქართველმა მეკარემ მოიგერია, განზრახვის დემონსტრირებას ჰგავდა. თუმცა ეს მხოლოდ გაგრძელების გარეშე დარჩენილი გაელვება აღმოჩნდა. 23-ე წუთზე ლუკას კაფეს (მატაოში დაბადებული ბრაზილიელი, რომლის სრული სახელია ლუკას ოლივეირა ბრუნე) დარტყმამ სორია აიძულა, პირველად ჩართულიყო თამაშში. „იბერიას“ ბევრი მომენტი აღარც დასჭირვებია, რადგან მომდევნო შეტევას გოლი მოჰყვა. ბორდალასს თითქოს ცა ჩამოემხო თავზე - თვალებს არ უჯერებდა.
შესვენებაზე მწვრთნელმა სამი ცვლილება განახორციელა, რათა გუნდისთვის რაიმე სახის იდენტობა ეპოვა, მაგრამ ანგარიშის 2:0-მდე გაზრდასთან უფრო ახლოს „იბერია“ იყო. მანგალას გაძევებამ „ხეტაფე“ სისხლისგან დაცალა. მართალია, გუნდმა მონდომება გამოავლინა და მეტოქის კარს უტევდა, მაგრამ მათი დღე ნამდვილად არ იყო. კონფერენს ლიგის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა „ხეტაფესთვის“ უკვე შეუძლებელია. მცირე შანსად, მათ საუკეთესო 24 გუნდში შესვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლა რჩებათ“.
- წერს ესპანური As-ი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს