დონარუმას გაყიდიან? - მარესკას მისი სტილი არ მოსწონს
ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა მომდევნო ზაფხულში მოულოდნელად დატოვოს „მანჩესტერ სიტი“. იტალიელ მეკარეს ჯერჯერობით არ გაუმართლებია მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას მოლოდინი. მიუხედავად იმისა, რომ მას „ეტიჰადზე“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა და მწვრთნელის სათამაშო სისტემასთან შეუთავსებლობამ მეკარეების პოზიციაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ცნობებს საფუძველი მისცა.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტი“ მომდევნო ზაფხულში მეკარეების განყოფილების სრულად განახლებას განიხილავს, რაც დონარუმას კლუბში მომავალს სერიოზულ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. The Athletic-ის ცნობით, იტალიის ნაკრების კაპიტანმა შესაძლოა ინგლისში მხოლოდ ორი სეზონის გატარების შემდეგ დატოვოს გუნდი.
დონარუმა „ეტიჰადზე“ 2025 წელს, პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, კლუბის ხელმძღვანელობა კარის ხაზზე ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს. ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ ძირითად მეკარეს არ შეეხოს — გუნდიდან წასვლის კანდიდატად სათადარიგო მეკარე ხერონიმო რულიც განიხილება.
მწვრთნელის შეცვლამ მანჩესტერში დონარუმას მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. პეპ გუარდიოლას წასვლისა და მის ნაცვლად ენცო მარესკას დანიშვნის შემდეგ მეკარის მიმართ ტაქტიკური მოთხოვნები შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის იტალიელი მარესკას სასურველ სათამაშო სისტემას არ შეესაბამება. კერძოდ, იტალიელ მწვრთნელს მიაჩნია, რომ დონარუმა დაცვის ხაზიდან ბურთის გათამაშებას ანელებს და გუნდისთვის სასურველ სწრაფ კომბინაციურ თამაშს აფერხებს.
მისი მდგომარეობა მოედანზე დაშვებულმა შეცდომებმაც გაართულა. მიუხედავად იმისა, რომ დონარუმამ მიმდინარე სეზონში რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი შეასრულა, კრიტიკა დაიმსახურა პსჟ-სთან, „ლაიფციგთან“ და „ასტონ ვილასთან“ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამო. ბოლო ჩავარდნა სამშაბათს, „ნაპოლისთან“ ფრედ დასრულებულ (2:2) შეხვედრაში ჰქონდა, როდესაც რასმუს ჰოილუნდის მიერ გატანილი პირველი გოლი მეკარეს ხელქვეშ გაუძვრა.
დონარუმას გაყიდვა „სიტისთვის“ მარტივი საქმე არ იქნება. ნებისმიერი კლუბი, რომელსაც მისი პრემიერლიგიდან გადაბირება მოუნდება, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის გამოყოფისთვის მზად უნდა იყოს. მეკარის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 45-50 მილიონ ევროდ ფასდება. ამ თანხას ემატება მისი ხელფასიც — „ეტიჰადზე“ იტალიელი სეზონურად დაახლოებით 12 მილიონ ევროს იღებს, გადასახადების გამოკლებით.
ასეთი მაღალი ფინანსური მოთხოვნები შესაძლო მსურველთა წრეს მნიშვნელოვნად ამცირებს. მხოლოდ ევროპის რამდენიმე წამყვან კლუბს აქვს შესაძლებლობა, გადაიხადოს როგორც სატრანსფერო თანხა, ისე ფეხბურთელის მაღალი ხელფასი.
მანჩესტერიდან წასვლის ყველაზე რეალურ ვარიანტად იტალიაში დაბრუნება სახელდება. პოტენციურ მსურველებად „იუვენტუსი“ და „ინტერი“ განიხილებიან. „იუვენტუსმა“ ამ ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ გუგლიელმო ვიკარიო დაიმატა, თუმცა ტურინული კლუბი იტალიის ნაკრების პირველ ნომერს დიდი ხანია აკვირდება. ჯერჯერობით უცნობია, განაახლებს თუ არა „ბებერი ქალბატონი“ დონარუმას მიმართ ინტერესს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს