გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში | ზივზივაძემ გაიტანა, ჰაიდენჰაიმმა მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგა ორის მე-13 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მეორეადგილოსან „ნიურნბერგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 3:1 გაიმარჯვა.
ბუდუმ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და 61-ე წუთზე „ჰაიდენჰაიმი“ დააწინაურა. 1:1-ზე ზივზივაძემ ტიმ ზირსლებენის პასით ისარგებლა და „ნიურნბერგის“ კარი აიღო. ქართველმა თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმის“ მაისურით ზედიზედ მესამე შეხვედრაში (ჰანოვერი, დარმშტადტი, ნიურნბერგი) გაიტანა და ბუნდესლიგა ორის მიმდინარე სეზონში 6 გოლი დაუგროვდა.
ბუდუ მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. მე-17 წუთზე ზივზივაძემ შორიდან დაარტყა და ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 22-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი პენალტს ითხოვდა, თუმცა ამაოდ. იგივე მოხდა მე-40 წუთზე, ხოლო 73-ე წუთზე ზივზივაძემ სახიფათო შეტევა განავითარა და „ჰაიდენჰაიმმა“ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე 32 წლის ფეხბურთელს კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა, თუმცა „ნიურნბერგის“ გოლკიპერმა აუღო.
ცნობისთვის, „ჰაიდენჰაიმს“ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ზივზივაზის გუნდის მომდევნო მეტოქე „ზანკტ-პაულია“, რომელსაც 6 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბუდუს, მას შვიდი გოლი აქვს გატანილი და ერთხელ გერმანიის თასზე გამოირჩა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს