რატომ აქვს რეალს პრობლემები პირველ ტაიმში | ჟოზეს ფეხბურთელები გაეხუმრნენ
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებმა „განსაკუთრებულს“ პრობლემებზე ჰკითხეს, რომლებიც „სამეფო კლუბს“ პირველ ტაიმებში აქვს ხოლმე, და პორტუგალიელმა სპეციალისტმა მათ საინტერესო პასუხი გასცა.
„პასუხისმგებლობა მე მაკისრია, თუმცა იყო მატჩები, რომლებიც დამაჯერებლად დავიწყეთ. მაგალითად, „რასინგთან“, „ვალენსიასთან“, „სევილიასთან“, „მალაგასთან“... რამდენიმე შეხვედრაში ყველაფერი პირველ 30 წუთში გადავწყვიტეთ, სხვა თამაშებში კი კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ხელიდან გავუშვით და ეს კინაღამ ქულების დაკარგვად დაგვიჯდა.
ამ თემაზე ფეხბურთელებს ვკითხე და სასაცილო პასუხი მივიღე. მათ მითხრეს: „მწვრთნელო, ყოველთვის იდეალურად რომ დავიწყოთ, სათადარიგოთა სკამზე არაფრის კეთებით მოიწყენ. ცუდად თუ ვიწყებთ, ადრენალინს გმატებთ და სიხარულს განიჭებთ — გეხმარებით“.
ცნობისთვის, „რეალს“ 13 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „სამეფო კლუბი“ მომდევნო შეხვედრას 28 ნოემბერს „ალავესის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს