თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

FIBA: გიგანტის გული: შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა

ათენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს 92:88 მოუგო, რომლის მთავარი შემოქმედი, ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლდათ.

შენგელიამ 24 საათით ადრე „დუბაიში” ევროლიგაზე 22 წუთი ითამაშა, ნაკრებს მატჩის დღეს შეუერთდა, შეხვედრის დაწყებამდე ბებიის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, თუმცა თამაში მაინც შეძლო, 43 წუთი და ორმაგი დუბლი (25 ქულა, 11 მოხსნა) - ჩვენი კაპიტნის გმირობის შესახებ ევროპაში საკალათბურთო სამყარო მთელი დღეა საუბრობს.

FIBA-მ შენგელიას სტატია მიუძღვნა: გიგანტის გული: თოკო შენგელიამ საქართველოს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მისცა:

„თოკო შენგელიას განსაკუთრებული სტანდარტებითაც კი, ის, რაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ათენში გააკეთა, სხვა დონე იყო. თუკი სანაკრებო კალათბურთმა რამე გვასწავლა, ეს ისაა, რომ არასდროს უნდა დავაკნინოთ თოკო შენგელიას უნარი, გადააჭარბოს ყველაფერს, რაც კი მანამდე გაუკეთებია.

შთამაგონებელმა ლიდერმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა FIBA-ს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფანტასტიკური თამაშით, რითაც საქართველოს საბერძნეთში, ოვერტაიმში სასწაულებრივი გამარჯვება (92:88) მოაპოვებინა და კატარისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

შენგელია ყველგან იყო. მისი ქმედებები, როგორც ყოველთვის, სიტყვებზე ხმამაღლა მეტყველებდა. 35 წლის კალათბურთელმა ოვერტაიმიან თრილერში 43:48 წუთი ითამაშა და მოედანი მხოლოდ მესამე მეოთხედის შუაში, იდაყვის პრობლემის გამო დატოვა.

შენგელიამ უბრალოდ „შენგელიასეული“ თამაში აჩვენა - 25 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა, მათ შორის ოთხი გადამწყვეტი საჯარიმო სროლა ჩააგდო ოვერტაიმის გიჟური დასასრულის ბოლო 16 წამში. ამ საჯარიმოებიდან ორი მატჩის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის შედეგად დაინიშნა, როდესაც საჯარიმო სროლის შესრულების დროს შენგელიამ კოსტას ანტეტოკუნმპოს არასპორტული ჯარიმა აჰკიდა.

საქართველოს ნაკრების წევრი დუდა სანაძე, 2013 წელს ეროვნულ გუნდში დებიუტის შემდეგ, შენგელიას გვერდით მრავალი წელია თამაშობს. მაგრამ ის, რაც შენგელიამ ათენში გააკეთა, სხვა დონე იყო. სანამ სანაძე მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შენგელიას შესახებ ისაუბრებდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა მას ჰკითხა, დართო თუ არა თოკომ ამის თქმის ნება.

„ის ისეთი ადამიანია, ვინც ნებართვას არ მომცემდა. მაგრამ მინდა ეს ვთქვა. ბევრი რამაა, რასაც ის აკეთებს და რაზეც არავინ საუბრობს. გუშინ (ოთხშაბათს) მას წარმოუდგენლად რთული თამაში ჰქონდა, აქ გამოფრინდა და დაახლოებით დილის 3 საათზე დაეშვა“, - განაცხადა სანაძემ შენგელიას შესახებ.

„ბებია გარდაეცვალა. ის გამოვიდა და ყველასთვის სული და გული დადო მოედანზე.“

სანაძემ, რომელიც ემოციების შეკავებას ცდილობდა, დაამატა: „საქართველოსთვის ყოველთვის ვითამაშებ, როცა ეს მაისური მაცვია, მაგრამ დღეს თოკოსთვის ვთამაშობდი. ძალიან მინდოდა, ეს თამაში თოკოსთვის მოგვეგო. მადლობა ღმერთს, რომ ეს მოხდა.“

ჯიკიჩმაც აღფრთოვანებით ისაუბრა თავის კაპიტანზე.

„თოკოზე არ ვიცი, რა ვთქვა. ჩვენ გვაქვს მისი დასვენების პროტოკოლები - ტაიმ-აუტების, საჯარიმო სროლების, ჩელენჯების გამოყენებით. მაგრამ მან წუხელ ითამაშა. სასტუმროში დილის 4 საათზე იყო. და 44 წუთი ითამაშა. სათადარიგოთა სკამზეც მხოლოდ იმიტომ იჯდა, რომ იდაყვის პრობლემა ჰქონდა“, - თქვა მან.

„ყოველ ჯერზე, როცა ვეკითხებოდი, სჭირდებოდა თუ არა შეცვლა, მპასუხობდა, რომ კარგად იყო. საბოლოოდ კი, ბიჭებო, მან 25 ქულა დააგროვა. არ ვიცი, რა ვთქვა.“

სერბი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოს მთავარი მწვრთნელის პოსტი 2024 წლის იანვარში ჩაიბარა, გუნდში მუშაობის სამწლიან ნიშნულს უახლოვდება და თავს იღბლიანად მიიჩნევს, რომ მის გუნდში 23-ე ნომერი თამაშობს.

„ჩემი საქმე უფრო მარტივია, რადგან ასეთ ბიჭს ვწვრთნი. ჩემი ბიჭების ცხოვრებაც უფრო მარტივია, რადგან ასეთი კაპიტანი ჰყავთ.“

საქართველო ზედიზედ მეორედ არის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის ზღვარზე. და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მათი შთამაგონებელი კაპიტანია, რომელიც რაღაცნაირად კვლავ პოულობს გზებს, საკუთარ თავს აჯობოს”.

- წერს FIBA-ს ოფიციალური ვებ გვერდი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები