თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მარკის რიდი
Aa
Aa

ოვერტაიმი და სრული სიგიჟე | საქართველომ საბერძნეთი სტუმრად დაამარცხა

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდა. შეხვედრას თამამად შეგვიძლია ნამდვილი სიგიჟე ვუწოდოთ და ჯიკიჩის გუნდმა მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა — 92:88.

საბერძნეთმა მატჩი უკეთესად დაიწყო და ჯერ 8:4, შემდეგ კი 15:9 დაწინაურდა. თორნიკე შენგელიას კარგი თამაშის წყალობით ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საბოლოოდ პირველი მეოთხედი ბერძნების იყო — 27:20.

საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდი 10:2 გაქცევით დაიწყო და წინ გავიდა — 30:29. მასპინძლებმა 5-ქულიანი გაქცევით გვიპასუხეს, რის შემდეგაც ჯიკიჩის გუნდი დაცვაში შესანიშნავი იყო და დარჩენილ 6 წუთსა და 40 წამში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა ჩააგდებინა. ბრწყინვალე დაცვის წყალობით ქართველებმა პირველი ტაიმი 41:38 მოიგეს.

მეორე ტაიმი ბერძნებმა 6:0 გაქცევით გახსნეს და წინ გავიდნენ, რის შემდეგაც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. მეოთხედის შუაში შენგელიამ ხელი იტკინა და მომდევნო შეტევაში სამქულიანის სროლის შემდეგ პარკეტი დატოვა, თუმცა კაპიტანი მალევე დაბრუნდა. პერიოდის ბოლოს მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ და დაწინაურდნენ კიდეც, რის შემდეგაც მარკის რიდი ფენომენალური იყო, ურთულესი ბურთები ჩააგდო და 2-ქულიანი უპირატესობა მოგვიტანა — 61:59.

მეოთხე მეოთხედის სტარტი უაღრესად დაძაბული იყო და პირველი ქულა ორწუთ-ნახევრის გასვლის შემდეგ შენგელიამ აიღო, მალევე კი 6-ქულიანი უპირატესობა მივიღეთ — 65:59, რაზეც საბერძნეთს სათანადო პასუხი ჰქონდა და წონასწორობა აღადგინა — 65:65. საფინალო სირენამდე ორწუთ-ნახევრით ადრე კიდევ ერთი თანაბარი ანგარიში მივიღეთ — 68:68. შენგელიასა და რიდის ორქულიანებით ოთხქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ, ხოლო 22 წამით ადრე 2 ქულით ვიგებდით და ბურთი გვქონდა.

სამწუხაროდ, თამაში ვერ განვაახლეთ, ბურთი დავკარგეთ და ტაილერ დორსიზე დავჯარიმდით, რომელმაც 2-დან 1 ჯარიმა გააფუჭა. ამჯერად ბერძნებმა აიღეს ჯარიმა და გიორგი კორსანტიამ 2-დან 1 ბურთი გამოიყენა. 10 წამით ადრე მასპინძლებს შეტევა ჰქონდათ და რატი ანდრონიკაშვილი დორსიზე სამქულიანის სროლის დროს დაჯარიმდა. ტაილერმა ორი სროლა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა — 75:75.

საბერძნეთმა ოვერტაიმი ზედიზედ ორი ორქულიანით დაიწყო, რასაც სანაძემ და რიდმა უპასუხეს. ამის შემდეგ, საქართველომ შვიდი უპასუხო ქულა მიიღო, თუმცა თამაშში მაინც დაბრუნდა. რიდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა — 88:87, თუმცა კოსტას ანტეტოკუნმპომ შენგელიაზე არასპორტული ჯარიმა აიღო. ბერძნები რიდზე კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ და ორი ქულით დავწინაურდით — 90:88. ბერძნებს გათაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა რიდმა ბურთი მოიპარა და საბოლოოდ 92:88 მოვიგეთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო რიდი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. შენგელიამ 25 ქულა, 11 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სანაძეს 13 ქულა ჰქონდა, ანდრონიკაშვილს — 5, გიორგი კორსანტიას — 8.

ამრიგად, საქართველოს 6 მოგება და 3 წაგება აქვს და მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე პორტუგალიაა, რომელსაც 29 ნოემბერს დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „სასტარტო შემადგენლობას ეგრევე გააძლიერებს“ | ნოტინგემს მამარდაშვილი ურჩიეს
    „სასტარტო შემადგენლობას ეგრევე გააძლიერებს“ | ნოტინგემს მამარდაშვილი ურჩიეს