ხეტაფე, იბერია 1999
Aa
Aa

ისტორიული 3 ქულა - იბერია 1999-მა ხეტაფე დაამარცხა

კონფერენს ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში „იბერია 1999“ თბილისში „მიხეილ მესხზე“ მადრიდულ „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

„იბერია 1999“ ამ შედეგით ისტორიაში შევიდა - ეს იყო ისტორიული პირველი ქართული 3 ქულა ევროტურნირებზე.

პირველი ტაიმი გუნდებმა თანაბარ ბრძოლაში ჩაატარეს. „ხეტაფეს“ უპირატესობა მხოლოდ ბურთის ფლობაში ჰქონდა (65%), თუმცა ვინც ამ გუნდს იცნობს ეცოდინება, რომ მადრიდელები ამ კომპონენტში ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტები არიან. მათი მთავარი პლუსი კონტრ შეტევები და დაცვაში დაბალი ბლოკით თამაშია.

25-ე წუთზე ქობულაძის გოლმა „ხეტაფეს“ გეგმები საგრძნობლად არია. აქ აღსანიშნავია სიხარულაშვილის ბურთის დამუშავება და შემდეგ პასი - რბილად და ტექნიკურად - ქართული კლუბებისგან და ბოლო დროს ეროვნული ნაკრებისგანაც, მსგავსი მომენტებით განებივრებულები არ ვართ.

მეორე ტაიმიც „იბერიას“ უპირატესობით დაიწყო და ლევან კორღალიძის გუნდმა ორი ხელსაყრელი მომენტიც შექმნა. ქარდავა საერთოდაც ვალდებული იყო თითქმის ცარიელ კარში გაეტანა.

საბოლოოდ, 61-ე წუთზე მოედანზე ახალგამოსულმა ორელ მანგალამ ხუთწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეტოქე, რომ ათი კაცით დარჩა, ეს ამირან ძაგანიას დამსახურება იყო, რომელმაც მოედნის ცენტრში კარგად იბრძოლა და მეტოქე აიძულა წესები დაერღვია.

ამის შემდეგ, „ხეტაფემ“ მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა, თუმცა ცარიელი კარის ხაზიდან ჯინჯოლავამ გამოიტანა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. სულ ეს იყო. სტუმრებმა მეტი რეალური მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს.

ამ მომენტისთვის ლაივრეჟიმში „იბერია 1999“ 23-ე ადგილზეა და კონფერენს ლიგის საპლეიოფო ზონაში იმყოფება.

მე-5 ტურის შეხვედრები 10 დეკემბერს გაიმართება. „იბერია 1999“ ამჯერადაც საკუთარ კედლებში ითამაშებს - თბილისში სერბული „ცრვენა ზვეზდა“ ჩამოვა. მატჩი ჩვენი დროით 21:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები