ნაკრების მთავარი პრობლემა | რა თქვა რამაზ სვანაძემ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პირველი არხის გადაცემის „მიდის სანახავად“-ის სტუმარი იყო და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„ტოპ-ჩემპიონატებში ქართველი ფეხბურთელების თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი წარმომადგენელი გვყავდეს. თუმცა, თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ჰქონდა.
ამიტომ ყოველთვის კარგია, როცა ასეთი დონის ჩემპიონატებში ვთამაშობთ. თუმცა უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ არის მომზადებული ესა თუ ის ფეხბურთელი და მთლიანად გუნდი, რადგან ყველაფერი მოედანზე, უშუალოდ მატჩის დროს, წყდება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ასეთი დონის მატჩებს შესაბამისად მივუდგეთ და ბოლომდე შევინარჩუნოთ ის ინტენსივობა, როგორიც ორივე შეხვედრის პირველ ტაიმში გვქონდა, ამისთვის ყველაზე მთავარი და აუცილებელი პირობა მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა — ტოპ ხუთ ლიგაში თამაში და განსაკუთრებით სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. დღევანდელი გადმოსახედიდან მე, როგორც მთავარ მწვრთნელს, შეიძლება მერჩივნოს, რომ ფეხბურთელი ტოპ-დონეზე ოდნავ დაბალ ჩემპიონატში გამოდიოდეს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ვიდრე ტოპ-ჩემპიონატში ირიცხებოდეს და სათადარიგოთა სკამზე იჯდეს.
ჩვენი პრობლემა ის არის, რომ, როდესაც მოედანზე რაღაც ისე არ მიდის, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და გვინდა, სამწუხაროდ, ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მომენტალურად იცვლება და ფაქტია, რომ ამ მხრივ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.
მეორე მხრივ, როდესაც დავინიშნე, რა იყო ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის, მთავარი ამოცანა? მიმდინარე ტურნირი — ერთა ლიგა — ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ჩვენთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. თუმცა არსებობს მეორე მხარეც: მე დავინიშნე იმიტომ, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო — ეს ხომ ლოგიკური და ცხადი ფაქტია. ამიტომ ის მიმართულება და თამაშის სრული გარდაქმნა, რომელიც მე ავირჩიე, კარგად მესმის, რომ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. გამოჩნდა, რომ ცალკეულ მონაკვეთებში ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ შედეგის დასადებად ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს გასაგებია, თუმცა მე სხვა გზა არ მქონდა და ძველ თამაშს არასდროს გავაგრძელებდი.
დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ერთი და იმავე მონახაზით თამაშობდა, რამაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი შედეგი მოიტანა. ამ მხრივ ნეტავ მეც იგივესთვის მიმეღწიოს, რასაც ჩემი წინამორბედის დროს მივაღწიეთ — ამაზე საუბარიც ზედმეტია. თუმცა ის იყო სისტემა, რომელშიც დაბალი ბლოკით ვთამაშობდით და ძალიან სწრაფად გადავდიოდით კონტრშეტევებზე. გავიდა გარკვეული პერიოდი და საჭირო გახდა სიახლეები. სწორედ ამ დროს მოვედი ნაკრებში. ამიტომ ვალდებული ვიყავი — და ჩემი ხედვაც ეს არის — რომ საქართველოს ნაკრებს ეთამაშა უფრო მაღლა, ეთამაშა აგრესიული ფეხბურთი და მეტი აქცენტი გაეკეთებინა ბურთის ფლობაზე.
სწორედ ამ საფეხბურთო მიმართულებებზე ვმუშაობდით ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრებში — თუ არ ჩავთვლით პირველ თამაშს უკრაინასთან და უნგრეთთან მატჩის პირველ ტაიმს, რადგან ცვლილებების შესატანად მხოლოდ ერთი დღე გვქონდა, ერთდღიანი ინტერვალი კი ამისთვის ძალიან ცოტაა. თუმცა ახლა, მეორე შეკრებაზე, ყველამ ვნახეთ შეცვლილი სისტემა, შეცვლილი ფორმაცია, შეცვლილი მიდგომა და საფეხბურთო ფილოსოფია.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოგვივიდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ ამ გზას არ დავადგებით, ყოველთვის გვექნება ის პრობლემები, რომლებიც ახლა დაგვიდგა. სისტემური თამაში და ერთი სწორი მიმართულება აუცილებელია — სწორია თუ არასწორი ეს გზა, ამას საბოლოოდ შედეგები გამოაჩენს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ თანამედროვე ფეხბურთის ელემენტებს, რომლებიც შემთხვევით არ შერჩეულა: ეს ყველაფერი აგებულია თავად ფეხბურთელების პროფილებზე — იმაზე, თუ რა შეუძლიათ მათ და როგორი ფეხბურთის თამაშია მათთვის უფრო ახლობელი. ამიტომ, სანამ აქ ვარ, ამ მიმართულებას არ გადავუხვევ და წმინდა საფეხბურთო კუთხით ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც დავიწყეთ.
რაც აუცილებლად გამოსასწორებელი გვაქვს, ეს, პირველ რიგში, ჩვენი დამოკიდებულება, მენტალური მხარე და საქმისადმი მიდგომაა. ამ შემთხვევაში ინდივიდებზე არ ვსაუბრობ — ვსაუბრობ მთლიანად გუნდზე, ყველა ჩვენგანზე, თითოეულ ადამიანზე, ვინც დღეს ნაკრებშია: იქნება ეს სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთელები თუ სხვა ნებისმიერი წევრი. ეს არის მთავარი პირობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, და მე ამის პირობას ვიძლევი, რომ გამოსწორდება კიდეც.
კონკრეტიკა? კონკრეტულად ვგულისხმობ თუნდაც უნგრეთთან საკმაოდ ნორმალურად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ დაშვებულ ერთ შეცდომასა და მიღებულ გოლს, რის შემდეგაც ვჩერდებით და თავს ვანებებთ იმ ფეხბურთის თამაშს, რომელიც კონკრეტულ მატჩში დავგეგმეთ. ეს იმის ბრალიც არის, რომ დრო მცირეა იმისთვის, რათა ბიჭებმა ეს იდეები ბოლომდე გაითავისონ და შეასრულონ — როცა საუბარი დროის სიმცირეზეა, ბიჭებთან სასაყვედურო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს.
მეორე მხრივ, საქმე ეხება გამბედაობასა და ინდივიდუალიზმს თამაშის დროს, რაც ძალიან გვჭირდება. ქართულ ფეხბურთში შედეგი ყოველთვის მაშინ მოდიოდა, როცა ერთობლივად იყო დალაგებული როგორც გუნდური თამაში, ისე საფეხბურთო ინდივიდუალიზმი. ჩვენ, ქართველებს, ინდივიდუალური თამაში შეგვიძლია და ეს აუცილებელია. ამ მატჩებში იყო მომენტები, როცა შეგვეძლო, ინდივიდუალურად უფრო მეტი გაგვეკეთებინა და თამაში საკუთარ თავზე აგვეღო, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა სწორედ იმ პრობლემების გამო, რომლებზეც ვისაუბრე. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ზუსტად იქიდან, რითაც საუბარი დავიწყე — მენტალური მხრიდან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. „ჯვაროსნებმა“ 2 ქულა დააგროვეს და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს