რამაზ სვანაძე
Aa
Aa

„კრიზისი ბოლო ერთ თვეში არ წარმოქმნილა“ | რამაზ სვანაძე ნაკრების პრობლემებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, პირველი არხის გადაცემაში „მიდის სანახავად“ გუნდში არსებულ ვითარებასა და პრობლემებზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად არახელსაყრელ დროს დავინიშნე — ამას ნებისმიერი სპეციალისტი დაადასტურებს. ყველას ურჩევნია, მუშაობა ნულიდან, ამხანაგური მატჩებითა და შეკრებებით დაიწყოს, რათა გუნდმა მის ხედვებთან და სათამაშო სტილთან სწრაფად ადაპტირება შეძლოს. თუმცა ეს ფეხბურთი და ეროვნული ნაკრებია — როდესაც ამის საჭიროება გაჩნდა და ხელმძღვანელობამ ეს აუცილებლობად ჩათვალა, ცვლილებაც მოხდა.

ფსიქოლოგიური კუთხით ამისთვის დიდხანს ვიყავი მზად, რადგან უკვე საკმაო დროა, რაც ფედერაციაში ვმუშაობ და ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებასაც მივაღწიეთ. ყოველთვის ვუშვებდი აზრს, რომ შეიძლებოდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელად დავნიშნულიყავი. ამას ემატებოდა ის გამოცდილებაც, რომელიც ნაკრებში მქონდა.

ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ახალი გუნდი აუცილებლად აშენდება. ახალი სისხლი გვჭირდება, ამიტომ მარტიდან ნაკრებში ახალი სახეები გამოჩნდებიან. თუმცა მარტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ახლა კონკრეტული გვარების დასახელება გამიჭირდება. მონახაზში გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც ვაკვირდებით. ეს არ ნიშნავს, რომ იმ ძირითად ბირთვზე, რომელიც ნაკრებშია და წლებია, თამაშობს, უარს ვამბობთ — არა, ასე ნამდვილად არ არის. როცა საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება, კონკრეტულ შეკრებაზე მხოლოდ ის ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებიც ამისთვის სრულად არიან მზად. სუფთა საფეხბურთო დეტალების გარდა გუნდმა აუცილებლად უნდა შეიძინოს ის ხასიათი და მენტალური სიმტკიცე, რომელიც ბოლო ორ შეკრებაზე გვაკლდა. ეს არის მთავარი წინაპირობა, რომლის შემდეგაც უშუალოდ გუნდის შენება იწყება.

კრიზისი? არ შეიძლება, ეს პროცესი ისე განვიხილოთ, თითქოს ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში წარმოიქმნა. მე მხოლოდ ერთი თვეა, რაც გუნდთან ერთად ვმუშაობ, და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო — მას შემდეგ, რაც დიდ ოცნებას მივაღწიეთ და დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. მაშინ ეს იყო უდიდესი გამარჯვება არა მარტო ნაკრების, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვედით, ამას კიდევ რამდენიმე კარგი თამაში მოჰყვა, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა შეინიშნებოდა, რომ რაღაც ისე ვეღარ იყო, როგორც ყველას გვინდოდა. ეს შემდგარი ფაქტია და მე არაფერს ვამატებ.

მიმაჩნია, რომ ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა, რათა საბოლოოდ მივიდეთ სწორ დასკვნამდე და მომავალში ყველაფერი ისე დავგეგმოთ, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ აღმოვჩნდეთ. ეს თავიდან ბოლომდე მენტალური მხარეა, რაც ჩვენში ყოველთვის იყო: დიდ წარმატებას რატომღაც მცირე ან დიდი ჩავარდნები მოსდევდა. ახლაც სწორედ ამ ეტაპს გავდივართ.

შეხება მაქვს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებთან, რომლებმაც ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. მინდა, დღეს მათში კვლავ ისეთივე მენტალური მზაობა დავინახო, როგორიც ევროპის ჩემპიონატის წინ ან უშუალოდ ტურნირის დღეებში ჰქონდათ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი საქმეს რამეს აკლებს, თუმცა ფაქტია, რომ აღარ ვართ ისეთი ანთებულები, მოტივირებულები და მონდომებულები, როგორც მაშინ ვიყავით.

სიმართლე გითხრათ, ამასაც აქვს თავისი ახსნა: ეს ბიჭები გაიზარდნენ, პლუს წავიდა ის ძველი თაობა, რომელიც მაშინ ნაკრებში იყო. გუნდში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, ამიტომ ამ კუთხით ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო — შიდა სამზარეულო ისე უნდა დალაგდეს, რომ გამოჩნდეს ფეხბურთელი ან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ლიდერობას იკისრებს.

ამ შეკრებაზე არ გვყავდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩვენთვის არა მარტო დიდი ფეხბურთელი, არამედ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ამას დაემატა კიტეიშვილისა და კიდევ რამდენიმე მოთამაშის არყოფნა, რის გამოც რეალურად გაგვიჭირდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საბოლოოდ მივალთ იმ შეგნებამდე, რომ საქმისადმი ჩვენი მიდგომა სწორი უნდა იყოს. არ ვგულისხმობ, რომ ბიჭები ახლა რამეს არასწორად აკეთებენ ან თავს არ დებენ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებს საფეხბურთო ამბიცია ბუნებრივად გაეზარდათ. ამ გაზრდილ ამბიციას კი მოედანზე შესაბამისი თამაშითა და მიდგომით უნდა უპასუხო.

წინ მარტის შეკრებაა და მანამდე საკმაო დრო გვაქვს. ვაპირებთ, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალურად ვესაუბროთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება. თუმცა ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: წარსულის წარმატებები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვაფასებდეთ და მადლობასაც ვიხდიდეთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ — როგორც პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ — ყველაზე მთავარი დღევანდელი დღე და ის არის, თუ რა იქნება ხვალ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. „ჯვაროსნებმა“ 2 ქულა დააგროვეს და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდებიან.

ფოტო: Nakrebi.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები 4 ტურის შემდეგ
    სუპერკომპიუტერის პროგნოზი | იბერია 1999-ის შანსები 4 ტურის შემდეგ