პრიორიტეტი ლივერპულში დარჩენაა - ალისონის და ვან დაიკის სამომავლო გეგმები
„ლივერპულის“ ორი წამყვანი ფეხბურთელი, ვირჯილ ვან დაიკი და ალისონ ბეკერი, კარიერის მერსისაიდულ კლუბში გაგრძელებას გეგმავენ. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ორივე მოთამაშის პრიორიტეტი „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.
35 წლის ნიდერლანდელ მცველსა და 34 წლის ბრაზილიელ მეკარეს მოქმედი ხელშეკრულებები კლუბთან 2027 წლის ზაფხულში ეწურებათ. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით შესთავაზებს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მათ ახალ კონტრაქტებს.
ალისონის შესაძლო დარჩენა განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პერსპექტივიდანაც იწვევს. ბრაზილიელის გუნდში ყოფნის შემთხვევაში ქართველ კიპერს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად მასთან კონკურენციის გაგრძელება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ვან დაიკი „ლივერპულს“ 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა, ალისონ ბეკერი კი მერსისაიდულ კლუბში იმავე წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა.
ორივე ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ლივერპულის“ ბოლო წლების წარმატებაში. მათ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს