ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

NBA: მამუკელაშვილის 13 წუთი, დონჩიჩს ნერვებმა უმტყუნა - ლეიკერსის მარცხი

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 96:99 დამარცხდა.

მამუკელაშვილს მოკრძალებული მატჩი ჰქონდა. მან პარკეტზე 13:11 წუთი გაატარა და 3 ქულა, 4 მოხსნა (ოთხივე დაცვაში, 0 შეტევაში), 0 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 5-დან 1 სროლა გამოიყენა (20.0%), მათ შორის 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო (33.3%), საჯარიმო სროლა კი არ შეუსრულებია (0/0). მის ანგარიშზე ასევე 1 დაკარგვა და 0 პერსონალური ჯარიმაა, ხოლო +/- მაჩვენებელმა +4 შეადგინა.

სანდროს ეფექტური დაფარება დეარ ფოქსის წინააღმდეგ

შეხვედრა „ლეიკერსმა“ კარგად დაიწყო და დამაჯერებლადაც იგებდა. შესვენებაზე გასვლის წინ ლოს ანჯელესელები მასპინძლებს 54:38-ს უგებდნენ.

სიტუაცია მესამე მეოთხედიდან შეიცვალა. „სან ანტონიო“ ვემბანიამას ლიდერობით ათამაშდა და ჩამორჩენის ნელ ნელა დაქაჩვა დაიწყო. მიჩ ჯონსონის გუნდმა მესამე და მეოთხე მეოთხედები 30:14 და 31:28 მოიგო.

ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი 31 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, რომელმაც 6 მოხსნა და 8 გადაცემაც მიითვალა. ოსტინ რივზს 21 ქულა ჰქონდა.

„სან ანტონიოს“ ტრადიციულად ვემბანიამამ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 25 ქულა, 16 მოხსნა. სტეფონ ქასლს 26 ქულა და 9 გადაცემა ჰქონდა.

აღსანიშნავია დონჩიჩის მორიგი „გამოხტომა“. სლოვენიელს კვლავ ნერვებმა უღალატა. წინა შეხვედრებში გვახსოვს, თუ როგორ აკრიტიკებდა ის მამუკელაშვილს მატჩის დროს კამერების წინ. ამჯერად, შეხვედრის მსვლელობისას ლუკა „ლეიკერსის“ მწვრთნელის ასისტენტს დაუპირისპირდა.

შეხვედრის შემდეგ კი დონჩიჩი საერთოდ „სფურსის“ ქომაგთანაც შევიდა კონფლიქტში.

ორივე გუნდი დასავლეთ კონფერენციის პირველ მეორე ადგილებს იყოფს. ტეხასელებს ერთი მოგებით მეტი აქვთ.

მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 30 ნოემბერს, სტუმრად „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები