პოლიცია ჩხუბის განსამუხტად ჩაერია | UEFA-ს განცხადება ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „ბეშიქთაში“ „ჰაპოელ ბეერ შევას“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. უეფამ უსაფრთხოების ზომების გამო, მატჩი თურქეთიდან საქართველოში გადაიტანა და შეხვედრას „ბათუმი არენამ“ უმასპინძლა. თამაშს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის დაწყებამდე ადგილობრივ პოლიციელებსა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია შეხვედრის დროსაც უაღრესად დაძაბული იყო. ერთ მომენტში „ბეშიქთაშის“ ფანები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამართალდამცველებს წიწაკის სპრეის გამოყენება მოუწიათ, რასაც მატჩის დროებით შეჩერება მოჰყვა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით UEFA-მ განცხადება გაავრცელა:
„თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ UEFA-ს, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და მითითებების შესაბამისად, აცნობა, რომ UEFA-ს ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბეშიქთაშის“ სტადიონზე არ გაიმართებოდა. იმავე შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მატჩის ჩატარების ახალ შეთანხმებულ ადგილად საქართველოში, ბათუმის სტადიონი განისაზღვრა.
ისევე როგორც სეზონის ყველა მატჩზე, ვითარება არც დღეს ღამით ყოფილა განსხვავებული; ვინაიდან UEFA არ იყო მატჩის ორგანიზატორი და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე და არ ჰქონდა კონტროლი მსგავს საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყვეტილი და განხორციელებული იქნა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათივე პასუხისმგებლობის ფარგლებში და მათივე უფლებამოსილების სფეროებში.
ზოგიერთ მედიაორგანიზაციაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ დაძაბულობა ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებით შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების განთავსების ზონაში მათ შორის დაწყებული ჩხუბის განსამუხტად ჩაერია“.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს