„კარგია როცა რაღაცას გეგმავ და შედეგს იღებ“ - კორღალიძე მატჩის შემდეგ
UEFA-ს კონფერენს ლიგის 2026-27 წლების სეზონის ლიგის ფაზის მე-4 ტურში იბერიამ ხეტაფეს უმასპინძლა.
25-ე წუთზე ნიკოლოზ სიხარულაშვილის გამამწვავებელი პასის შემდეგ გიორგი ქობულაძემ იაქტიურა და ანგარიში გახსნა.
მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ მედიასთან ისაუბრა.
მაყურებლის როლი:
„ალბათ ეროვნულ ლიგაზეც აი, თუნდაც დღეს რომ იყო, ამდენი მაყურებელი დადიოდეს... მე ვფიქრობ, უფრო მალე წავალთ წინ ქართული ფეხბურთი და უფრო მალე ვნახავთ იმ სანახაობას, რასაც მოელოდება ქართველი გულშემატკივარი, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ფეხბურთს სანახაობას სძენს გულშემატკივარი და არა ფეხბურთელები. აი ის, რომ: „თქვენ ითამაშეთ და ჩვენ მოვალთ“, რა ვიცი, მე ამას ვერ დავეთანხმები. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ და გულშემატკივარი უნდა მოვიდეს. ეს არის ჩემი მოსაზრება. მინდა მათ თხოვნით მივმართო, ყველას, თქვენც, რომ მობრძანდეთ და, რა ვიცი, ჩვენ შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ“.
ქობულაძე...
„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, თამაშის წინ გასახდელში, არ ვიცი აი, რატომ, მივედი ქობულასთან და გიორგისთან... „დღეს უეჭველი გოლს შეაგდებ-მეთქი“, - აი, რატომ ვუთხარი, არ ვიცი, მიგრძნობდა გული თუ რა იყო და მართლაც ასე გამოვიდა. თავადაც გაუკვირდა, რომ ვუთხარი გასახდელში: „მე რა შუაში ვარო?“ და მე ვუთხარი: „აი, შენ შეაგდებ დღეს გოლს-მეთქი“.
ალბათ იმდენად მინდოდა, რომ დღეს მოგვეგო და იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გოლი თუნდაც იმ გულშემატკივრისთვის, რასაც ველოდებოდით, რომ ბევრი გულშემატკივარი იქნებოდა, რომ გაგვეხარებინა და უკვე... ჩემთვის პრინციპში სულ ერთია, გოლს ვინ გაიტანს, მაგრამ, არ ვიცი, რატომღაც მივედი ქობულასთან და ვუთხარი, რომ „გოლს შეაგდებ-მეთქი“.
ეიფორიიდან გამოსვლა:
„რა თქმა უნდა, ეიფორიიდან გამოსვლა გვჭირდება... ჩვენ არ ვფიქრობთ „ცრვენა ზვეზდასთან“ თამაშზე, თუნდაც ჩეხეთში „იაბლონეცთან“. ჩვენი პირველი საზრუნავი უკვე ხვალიდან - ჩემთვის უკვე დღეიდან, ფეხბურთელებისთვის ხვალ-ზეგიდან ალბათ - პირველი საზრუნავი არის თამაში ბათუმის „დინამოსთან“. ძალიან ძლიერი მეტოქეა და ორივე გუნდი ვიბრძვით ჩემპიონობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება“.
ევროპული ტემპი:
„ასე ვიტყოდი, ცოტა მიუჩვეველები ვართ ამ ტემპს და ნელ-ნელა ვეჩვევით. და კარგია, თუ ყოველ წელს რომელიმე ქართული კლუბი - ამ შემთხვევაში „იბერიას“ ვისურვებდი, მაგრამ რომელიმე ქართული კლუბი - სისტემატურად ითამაშებს ასეთი მაღალი ტემპის ტურნირებს. და ზუსტად ეს გვაძლევს მერე უფრო მეტი განვითარების საშუალებას და უფრო მეტად შევეჩვიოთ ამ თანამედროვე ფეხბურთს და იმ ევროპულ ფეხბურთს, რაც გვჭირდება და საითკენაც მივისწრაფვით ჩვენ, ქართული ფეხბურთი. ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია!
დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წელს თუ ისევ იქნება „იბერია“ ჩემპიონთა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე, მე ვთვლი, რომ უფრო მეტად გამოცდილ და უფრო მეტად თავდაჯერებულ „იბერიას“ იხილავთ.“
გოლის მომენტი:
„ეს იყო დაგეგმილი, ასე ვიტყოდი. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ძალიან სასიხარულოა, ორმაგად სასიხარულოა, რომ რაღაცას რომ გეგმავ, ეს სამომავლოდ უკვე იმის მანიშნებელია, რომ სწორი ანალიზი გაკეთდა, სწორად, სწორი მესიჯი იყო მიტანილი ფეხბურთელებამდე და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად შეასრულეს ფეხბურთელებმა.
ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გამოვიდა, რაც დავგეგმეთ, მაგრამ მეტწილად გამოვიდა და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა, გამოვიდა ის, რაც დავგეგმეთ. და ეს ძალიან სასიხარულოა და ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას. ეს გამარჯვება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი თამაში რაღაცა კარგად ვითამაშეთ, მოვიგეთ და... ადგილზე დგომა არის რეგრესი, ამიტომ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ წინ. და რაც ყველაზე სასიხარულოა, გუშინ ვახსენეთ, რომ „კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ ან ვერ მოვიგეთ“ სტერეოტიპი, საბედნიეროდ, კონკრეტულ დღევანდელ დღეს დაირღვა და ეს ორმაგად სასიხარულოა კიდევ. და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას: ფეხბურთელებს, გულშემატკივარს, თქვენ და ყველას, ვინც ჩვენ გვერდში გვედგა. კიდევ ვიმეორებ, ეს პირველ რიგში ძალიან მახარებს, რომ ეს სტერეოტიპი, გუშინ რაზეც ვილაპარაკეთ, დაირღვა და ჩვენ კარგად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. თან გუნდთან, რომელიც, არ ვიცი, ტრადიციით, სადაც თამაშობს, რა ჩემპიონატშიც, ძალიან მაღალი დონის გუნდია და, კიდევ ვიმეორებ, ეს ორმაგად სასიხარულოა.“
იბერია პირველი ქართული გუნდია, რომელიც კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე გავიდა.
კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის პირველ ტურში სინტ-ტრუიდენმა იბერიას 2:0 მოუგო, მეორე ტურში იბერია - მიალბის შეხვედრა 1:1 დასრულდა, მესამე ტურში კოპენჰაგენმა შინ იბერია 2:1 დაამარცხა. დღეს კი ისტორიული პირველი ქართული 3 ქულა მოიპოვა ევროტურნირებზე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს