უეფა, ფიფა
Aa
Aa

FIFA-ს მხრიდან ზეწოლა ნიდერლანდების ფედერაციაზე - UEFA გამოძიებას ითხოვს

UEFA-მ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება მოითხოვა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც FIFA-ს მაღალჩინოსანი ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირზე (KNVB) ზეწოლას ახდენდა, რათა ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა უზრუნველეყო.

KNVB-ის გენერალურმა მდივანმა გეის დე იონგმა განაცხადა, რომ FIFA-ს ეროვნულ ასოციაციებთან მუშაობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ელხან მამედოვმა მას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ დღეში სამჯერ დაურეკა, შემდეგ კი შეტყობინებაც მისწერა.

„ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მხარდაჭერის შესახებ განცხადება გამოგვექვეყნებინა, რათა მას თავისი სია 211-მდე აეყვანა. ვიტყოდი, რომ ეს აბსოლუტური გადაჭარბებაა. ეს ფაქტობრივად თანამშრომლის ჩარევაა პოლიტიკურ პროცესში. სიტუაციაში, როდესაც ისიც კი გაურკვეველია, იქნებიან თუ არა სხვა კანდიდატები, FIFA-ს პერსონალი მსგავსი საქმეებით არ უნდა იყოს დაკავებული“,

- თქვა დე იონგმა პოდკასტში Gianni’s Imperium.

UEFA-მ აღნიშნა, რომ ანალოგიური ზეწოლის გამო შეშფოთება სხვა ეროვნულმა ასოციაციებმაც გამოთქვეს და განცხადება გაავრცელა:

„მოვუწოდებთ კომპეტენტურ ორგანოებს, ჩაატარონ ამ ბრალდებების საფუძვლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება“.

FIFA-ს წარმომადგენელმა განაცხადა:

„FIFA-ს ეროვნულ ასოციაციებთან მუშაობის დეპარტამენტი მუდმივ კონტაქტზეა ყველა ფედერაციასთან, მათ შორის KNVB-სთან, პასუხობს მათ შეკითხვებს და განიხილავს მათ თხოვნებს. FIFA კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ ვარაუდს იმის შესახებ, რომ მის ჩინოვნიკებს შეეძლოთ ზეწოლა მოეხდინათ რომელიმე წევრ ასოციაციაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები