ზვიად ნაჭყებია, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელიც დაგვაკლდა | იბერიის ფეხბურთელების კომენტარები

კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურის შეხვედრაში „იბერია 1999“ თბილისში შვედურ „მიალბიუს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი ქულაა, რომელიც ქართულმა კლუბმა ევროტურნირების ძირითად ეტაპზე მოიპოვა.

ალექსანდრე ამისულაშვილი: „მადლობა გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და დაგვაფასა. იმედგაცრუებულები დავტოვეთ, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივდივართ. იმედია, შემდეგში უკეთ ვითამაშებთ. მეორე ტაიმში, გოლის შემდეგ, ჩავარდნა გვქონდა. ახლა შეცდომებზე საუბარი რთულია, ემოციები ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ იმედია, შემდეგ მატჩებში უკეთ ვითამაშებთ და ამ შეცდომებს გამოვასწორებთ.

რა თქმა უნდა, შედეგის ჩვენება შეგვიძლია. პირველ თამაშზე არ ვისაუბრებ — საშინელება იყო და უარყოფითად ვაფასებ. დღეს, მეორე მატჩში, გამოჩნდა, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით და შეგვიძლია, შემდეგ მატჩში უფრო მეტი გავაკეთოთ“.

გიორგი ჯინჯოლავა: „ისტორიული ქულა იყო, მაგრამ მატჩის შედეგით საკმაოდ გულდაწყვეტილი ვარ. 1:0-ს ვიგებდით და ბოლო წუთებში დასანანი გოლი მივიღეთ. ძალიან გვინდოდა მოგება და სამი ქულის აღება, მაგრამ ბოლოს გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. „მიალბიუ“ ცუდი გუნდი არ არის. საბოლოოდ, ქულები გავიყავით.

გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. როცა „ლარნის“ ბარიერი გადავლახეთ, ფაქტობრივად, ნახევარი საქმე გულშემატკივარმა გააკეთა. დღეს ცოტა მეტ გულშემატკივარს ველოდი. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალაა. როცა ქომაგი სტადიონზეა, ოთხმაგად და ხუთმაგად მოტივირებული ხარ. გულდასაწყვეტი ნამდვილად იყო სტადიონზე გულშემატკივართა მცირე რაოდენობა“.

ზვიად ნაჭყებია: „რთული მატჩი იყო. მეტ-ნაკლებად თამაშს ვაკონტროლებდით. კარგი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით. პენალტიდან გავიტანეთ და, სამწუხაროდ, ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. კმაყოფილები არ ვართ, გამარჯვებისთვის ვთამაშობდით, მაგრამ ეს ისტორიული ქულაა. ვეცდებით, ამ თამაშში დაშვებული შეცდომები მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ“.

მომდევნო, მესამე ტურში, „იბერია 1999“ სტუმრად დანიურ „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება. მატჩი 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები