„მიალბის დამარცხება შეგვიძლია“ - კორღალიძის და დადიანის კომენტარები
ხვალ „იბერია 1999“ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურის შეხვედრას გამართავს. Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულის მეტოქე შვედეთის ჩემპიონი „მიალბი“ იქნება. პრინციპული მატჩის წინ თბილისის კლუბის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე და ნახევარმცველი ნიკოლოზ დადიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დეტალურად ისაუბრეს.
ლევან კორღალიძე
პირველ რიგში მინდა მწუხარება გამოვთქვა გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო და მისი ოჯახის წევრებს მივუსამძირო. რაც შეეხება მომავალ თამაშს, მჭიდრო გრაფიკში გვიწევს ასპარეზობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გულშემატკივრების გახარება.
წინა მატჩში ჩვენმა გეგმამ არ იმუშავა და ამ ყველაფრის განხორციელებაში ხელი სწრაფმა გაშვებულმა გოლმა შეგვიშალა. ქომაგებს ვპირდები, რომ ხვალ სტადიონზე ბრძოლისუნარიან და მებრძოლ „იბერიას“ იხილავენ. ჩვენს შარშანდელ მეტოქეს „მალმესა“ და „მიალბის“ შორის განსხვავება არის, რადგან „მიალბი“ ჩემპიონობის შემდეგ ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, „მალმე“ კი იგივე პრობლების წინაშე არ იდგა და ბევრად დაბალანსებული კლუბი იყო.
ერთი წლის წინანდელთან შედარებით ბუნებრივია სახეცვლილი კლუბი დამხვდა. ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელთანაც ნამუშევარი მაქვს, არიან ისეთებიც, რომლებიც ჩემს დროს აქ არ იყვნენ. თუმცა, სისტემა უცვლელი დარჩა და გამიადვილდა გუნდში დაბრუნება.
ტრავმების მხრივ არის გარკვეული პრობლემები - ვახტანგ ბედოშვილს დაზიანება ისევ აწუხებს და სამწუხაროდ ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ჩემი ფეხის მდგომარეობას და იმას, რომ ხელჯოხით მიწევს მოძრაობა, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა უნდა იყოს.
ანდრია ბართიშვილი უნიჭიერესი ფეხბურთელია, თუმცა რისკებისგან თავის არიდება გვსურს, რადგან ახალი გამოჯანმრთელებულია, ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მის დატვირთვას ნელ-ნელა დავიწყებთ. რაც შეეხება გიორგი ბერიძეს, გვიან შემოგვიერთდა და მისი კონფერენს ლიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო.
ნიკოლოზ დადიანი
ძალიან გვინდოდა კონფერენს ლიგის პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება, თუმცა სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს კლუბი ევროტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩს სამშობლოში ჩაატარებს და ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ. ქომაგებს მოვუწოდებ, წინა შეხვედრაში განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.
ვიცი, რომ ბევრი საუბრობს ინტენსივობაზე და იმ სხვაობაზე, რაც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროტურნირებს შორის არის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კონფერენს ლიგაზე წარმატებების მიღწევა. მეტსაც გეტყვით, ამხელა ასპარეზზე გვეძლევა თავის გამოჩენის საშუალება და ვალდებულები ვართ, მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გაახარებს.
ცნობისათვის, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში „მიალბიმ“ საკუთარ სტადიონზე ანდორის „ინტერ ესკალდსი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „იბერია 1999“-მა სტუმრად ბელგიის „სენტ ტრუიდენთან“ 0:2 წააგო. „იბერია“ - „მიალბის“ თამაში ხვალ, 20:45 წუთზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს