დისკვალიფიკაცია ძალაში შევიდა - რონალდუ ნაკრებიდან დროებით მოკვეთილია
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის რეგლამენტის თანახმად, კრიშტიანუ რონალდუს დისკვალიფიკაცია ეროვნული ნაკრების შეკრების თვითნებურად დატოვების გამო ავტომატურად ძალაში შევიდა.
მოკვეთის ზუსტი ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი. რონალდუ შეიძლება მაქსიმუმ 6 თვით დაისაჯოს, რა შემთხვევაშიც ის ნაკრებს 2027 წელს, 42 წლის ასაკში დაუბრუნდება. ფორვარდმა შესაძლოა სამთვიანი დისკვალიფიკაციაც მიიღოს, თუმცა მედიაში ყველაზე რეალისტურ ვარიანტად ერთთვიანი ბანი მიიჩნევა, რომელიც ზუსტად სანაკრებო მატჩების მომდევნო პაუზისთვის დასრულდება.
შეგახსენებთ, კრიშტიანუმ ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა იგი ნორვეგიასთან მატჩში (2:1) შეცვლაზე არ გამოიყვანა. რონალდუს თქმით, მწვრთნელი მას ამას დაჰპირდა და გასახურებლადაც კი გაუშვა. გამგზავრების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თავდამსხმელმა ხაზი გაუსვა, რომ სასჯელისთვის მზადაა, თუმცა მომხდარის შემდეგ ჟეზუშთან როგორ ითანამშრომლებს, ჯერჯერობით უცნობია.
41 წლის ფორვარდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ჟეზუში მიცემული პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა არ თქვა ის, რაც კრიშტიანუსთან იყო შეთანხმებული.
The Athletic-ის ინფორმაციით, რონალდუმ უკვე დიდი ხანია იცოდა, რომ ერთა ლიგის მატჩებში ჟორჟე ჟეზუში გონსალუ რამუშის უფრო ხშირად გამოყენებას გეგმავდა. საერთაშორისო პაუზამდე მწვრთნელი რონალდუს სახლში ესტუმრა და ამ გადაწყვეტილების მიზეზები აუხსნა.
აღნიშნულია, რომ ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ჟეზუშმა ნამდვილად გააჟღერა რონალდუსთან შეთანხმებული თეზისები, თუმცა ეს არა ისე გააკეთა, როგორც ამას კრიშტიანუ ელოდა. წყაროების ცნობით, რონალდუს განსაკუთრებით გული ატკინა მწვრთნელის ერთმა ფრაზამ - „გადაწყვეტილებებს მე ვიღებ“. მან ეს აღიქვა, როგორც მინიშნება, რომ მთავარი მწვრთნელი მას სჯის.