ქვილითაია 71-ე წუთზე შევიდა და თამაში გაამწვავა | კილმა სტუმრად წააგო
გერმანიის ბუნდესლიგა ორის მეშვიდე ტურში გიორგი ქვილითაიას „კილი“ სტუმრად „ბრაუნშვაიგს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა წარუმატებელი სერია ვერ შეწყვიტა, 0:1 დამარცხდა და ბუნდესლიგა ორში ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ მოუგია.
ქვილითაიამ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 71-ე წუთზე, 0:1-ზე გამოჩნდა. მალევე, გიორგიმ სახიფათო შეტევა წამოიწყო და ადრიან კაპრალიკი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კაპრალიკს შეეძლო, ქვილითაიასთვის პასი გაეკეთებინა, მაგრამ დარტყმა არჩია და მცველები გადაეღობნენ.
77-ე წუთზე შანსი ქართველ თავდამსხმელს ჰქონდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა. დარჩენილ დროში „კილი“ ბევრს ეცადა და უტევდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და ანგარიში ვერ შეცვალა — 1:0.
ცნობისთვის, „კილს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ქვილითაიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბერლინის „ჰერტას“ დაუპირისპირდება.