კარიერაში პირველად | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ფინალში გავიდა და იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდა. სულამანიძემ „ოქროს დროში“ იუკოთი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა.
ილიამ ასპარეზობა მეორე რაუნდიდან დაიწყო და უნგრელი მეტოქე შომბორ ვეგი ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა. მერვედფინალში, ვადიმ ღიმბოვშჩის წინააღმდეგ სულამანიძემ იუკოთი გაიმარჯვა, ხოლო მეოთხედფინალში რუს ნიიაზ ბილალოვს შანსი არ დაუტოვა და იპონით აჯობა.
ნახევარფინალში ქართველი ჯუდოკას მეტოქე ჯენარო პირელი გახლდათ. ილიას გასამარჯვებლად 45 წამი დასჭირდა და ბრწყინვალე იპონით მოიგო, რითიც მედალი გაინაღდა.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია: ილია სულამანიძე (-100) ოქრო, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლი აიღო, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.