ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ჭაბუკთა ევროპის თასი
საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართული ჭაბუკთა ევროპის თასი ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საუკეთესო შედეგი ნენე საბიაშვილმა და გელა მაისურაძემ აჩვენეს, რომლებიც შესაბამისად, 57 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩემპიონები გახდნენ, ხოლო მათე მაისურაძემ (55 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
საბიაშვილი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო და სერბ თეოდორა ვუკაშოვიჩს აჯობა, რასაც მეოთხედფინალში უნგრელი ემა შრიოდლის ძლევა მოჰყვა. ნახევარფინალში ნენე ფრანგ ჟად რენარზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრალიელი ლისა კარაველო მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ჩემპიონობის მოსაპოვებლად საბიაშვილზე ორით მეტი შეხვედრის მოგება დასჭირდა გელა მაისურაძეს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსელ მიხაილიდის ხარალამპოსს მოუგო, შემდეგ კი გზიდან უნგრელი ლევენტე ლანტოში და რუმინელი სტეფან მიტოი ჩამოიცილა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში მაისურაძემ სერბი ძიუდოისტები, ანდრეი ანასტასოვი და ნოვაკ ბოგდანოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში ესტონეთის სახელით მოასპარეზე ამირ ალიხანოვს იუკოთი აჯობა.
ცნობისათვის, მათე მაისურაძემ, რომელიც 55 კილოგრამში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თანამემამულე ლუკა მამგუაშვილს იუკოთი მოუგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს