ინანეიშვილის ბრინჯაო - ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი ორი მედლით დაასრულა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოისტთა გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+100 კგ. წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახი უერასილ კაჟიბაიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველმა ჯუდოკამ მეტოქე ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვება -90 კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახიშვილსაც შეეძლო, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში კანადელ კიგან იანგთან დამარცხდა.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი ორი მედლით დაასრულა. -73 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ლოლაძე ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა, დღეს კი ბრინჯაოს პრიზიორი საბა ინანეიშვილი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს