„Snoop Dogg-ის Purp & Yellow-ს ვუსმენდი“ | მამუმ ლეიკერსზე ისაუბრა
სანდრო მამუკელაშვილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მაისურით პრესეზონის მორიგი შეხვედრა გამართა და „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე იყო. „მამუმ“ პარკეტზე 21 წუთი გაატარა და 19 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის შემდეგ სანდრო ჟურნალისტებს ესაუბრა და „ლეიკერსთან“ კონტრაქტის გაფორმების დღე გაიხსენა: „როდესაც თავისუფალი აგენტების ბაზარზე ყველაფერი ბოლოსკენ გავიდა, გონება გამეთიშა, შოკში ვიყავი. მახსოვს, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთი დაწესებულების ავტოსადგომზე დავრბოდით და Snoop Dogg-ის სიმღერა მქონდა ჩართული. Purp & Yellow-ს ვუსმენდი.
სიტყვებით ვერ გადმოვცემ, „ლეიკერსის“ რიგებში თამაში რა შეგრძნებაა. უბრალოდ დაუჯერებელია. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სათვალე მიკეთია და გარშემო ყველაფერი 3D-შია. ტრიბუნებზე საოცარი გარემო იყო. ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს და ერთი სული მაქვს, სეზონი როდის დაიწყება“.
შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დაწყებამდე „ლეიკერსს“ კიდევ ორი შეხვედრა ელოდება. 14-ში ლოსანჯელესელები „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდებიან, 17-ში — „დენვერ ნაგეთსს“. რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრაში „ლეიკერსის“ მეტოქე ისევ „გოლდენ სტეიტია“.
რაც შეეხება Snoop Dogg-ს, Purp & Yellow „ლეიკერსისთვის“ მიძღვნილი სიმღერაა. ლოს ანჯელესური გუნდი სწორედ იისფერ-ყვითელ ფერებში ასპარეზობს.