გოლი და ასისტი სამწუთიან მონაკვეთში - კაჭარავამ შანსი გამოიყენა
„ბუხოროში“ გადასვლის შემდეგ, უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ნიკოლოზ კაჭარავას თავის გამოჩენის საშუალება უფრო მეტად ცვლილებაზე ეძლევა და ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება უჭირს, თუმცა უკანასკნელი შეხვედრა იმდენად პროდუქტიული გამოუვიდა, რომ სამომავლოდ მთავარი მწვრთნელი მისთვის მეტი დროის მიცემაზე ყველა ვარიანტში დაფიქრდება და სრულიად შესაძლებელია, უკვე მომდევნო მატჩში ნიკა მოედანზე პირველივე წუთებიდან ვიხილოთ.
სუპერლიგის 23-ე ტურში „ბუხორო“ საკუთარ სტადიონზე „ანდიჟანთან“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, რის გამოც მასპინძლების თავკაცმა შეტევის ხაზის გაძლიერება 69-ე წუთზე კაჭარავას შეყვანით გადაწყვიტა. ნიკამ მწვრთნელის მიერ გაცემული ავანსები ასი პროცენტით გაამართლა და ჯერ მე-80 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ოსტატურად გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე, ხოლო ზუსტად სამ წუთში თანაგუნდელი გაიყვანა კარგ პოზიციაზე და აქტივში გოლთან ერთად ასისტიც ჩაიწერა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში „ბუხორომ“ მესამეც გაიტანა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისათვის, სტუმართა რიგებში არც ალექსანდრე ანდრონიკაშვილს და არც იმედა აშორტიას არ უთამაშია. რაც შეეხება ნიკოლოზ კაჭარავას, მიმდინარე სეზონში „ბუხოროში“ 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითადში მხოლოდ ორი დაიწყო და თავი 2 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.