ილია სულამანიძე
Aa
Aa

მეათე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი | JudoInside სულამანიძის ტრიუმფს ეხმაურება

ილია სულამანიძე ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია! ქართველი ჯუდოკა ფინალში იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდა და „ოქროს დროში“ მოპოვებული იუკოთი იმარჯვა.

სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა და მეათე ქართველია (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში), რომელსაც ეს ტურნირი მოუგია. მის გარდა, მსოფლიო ჩემპიონები გამხდარან: ლუხუმ ჩხვიმიანი (2019 წელი), გიორგი სარდალაშვილი (2024 წელი), ლაშა შავდათუაშვილი (2021 წელი), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014 წელი), ტატო გრიგალაშვილი (2022, 2023, 2024, 2026 წლები), ირაკლი ცირეკიძე (2007 წელი), ლუკა მაისურაძე (2023 წელი), გურამ თუშიშვილი (2018 წელი), ეთერ ლიპარტელიანი (2025 წელი).

ილიას წარმატებას JudoInside გამოეხმაურა და ვრცელი სტატია შემოგვთავაზა

„ილია სულამანიძე ფინალს ფსიქოლოგიური უპირატესობით შეხვდა, რადგან არაის წინააღმდეგ წინა ორივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა, თუმცა იაპონელი ჯუდოკა მთელი დღის განმავლობაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. არაი ცდილობდა, იაპონიისთვის მერვე ოქროს მედალი მოეტანა, ილია კი ყველაფერს აკეთებდა, რათა პარიზის ოლიმპიური ვერცხლისა და ბუდაპეშტის მსოფლიოს ბრინჯაოს შემდეგ ბაქოს ტურნირი კარიერის უდიდეს ინდივიდუალურ გამოსვლად ექცია.

საწყისი სამი წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ძირითადი დრო გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ ყოფილა. ჩემპიონის ვინაობა „ოქროს დროში“ გაირკვა, რომელშიც გადამწყვეტი მომენტი დაახლოებით 20 წამის შემდეგ დადგა. ჩანდა, რომ არაიმ გამარჯვების მომტანი ილეთი შეასრულა და თავდაპირველად ვაზა-არი მიენიჭა, რამაც თითქოს იაპონიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული განუნაღდა.

თუმცა, გადაწყვეტილება განსახილველად ვიდეორეფერებს გადაეცათ და ტრიბუნებზე ატმოსფერო მყისიერად შეიცვალა, რადგან მაყურებელმა იგრძნო, რომ გადამწყვეტი მოქმედება სულამანიძის დაწყებული იყო. გადამოწმების შემდეგ პირვანდელი ქულა გაუქმდა და გამარჯვება ილიას მიენიჭა.

სულამანიძისთვის ეს ტრიუმფი უფროსთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალი ხანგრძლივი გზის დაგვირგვინება იყო. ილიას ტექნიკურმა ოსტატობამ, ცივსისხლიანობამ და მებრძოლმა სულმა იგი პირველ მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა.

მის წარმატებას ქართული ძიუდოსთვის ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდა და სულამანიძე ქვეყნის მეათე ინდივიდუალური მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ილიას მიღწევამ გააგრძელა ბრწყინვალე ტრადიცია, რომელიც საქართველოს მიერ მსოფლიო დონის ძიუდოისტების აღზრდა გახლავთ. ტატო გრიგალაშვილთან ერთად, ილია წარმოადგენს თაობას, რომელსაც შეუძლია, საქართველოს ძიუდოს უძლიერეს ქვეყნებს შორის ადგილი შეუნარჩუნოს“.

ცნობისთვის, ტურნირის მეშვიდე დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი იასპარეზებს. +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილსა და გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, ხოლო ქალთა შორის, +78 კგ-ში, სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში პირველად | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
კარიერაში პირველად | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა