ილია სულამანიძე
Aa
Aa

„თავი სიზმარში მგონია“ | ილია სულამანიძის კომენტარი ჩემპიონობის შემდეგ

ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ამ ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. ბაქოში მიღწეული წარმატების შემდეგ ილიამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უბედნიერესი ადამიანია.

„თავი სიზმარში მგონია. გულახდილად გეტყვით, რომ ჩემი ემოციები ერთი წინადადებით ასე აიხსნება: თავი სიზმარში მგონია. ახლა ვნატრობ, რომ არ გამომეღვიძოს და, იმედია, არ გამომეღვიძება.

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი თითოეულ სპორტსმენს უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, ოჯახს, დედას, მამას, ძმას, ყველა ნათესავს. დიდი მადლობა ლაშა გუჯეჯიანს, რადგან ამ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი მისი დათესილია. დიდი მადლობა დავით ქევხიშვილს, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია. დიდი მადლობა ჩემს საყვარელ ლომერ ჟორჟოლიანს. ასევე, დიდი მადლობა ყველა მწვრთნელსა და ჩემს ექიმებს, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

შევეცდები, ამ ოქროს მედლის შემდეგ, ოლიმპიური ოქროც მოვიგო. კვარცხლბეკზე დგომისას ძალიან ვცდილობდი, ბევრი ცრემლი არ წამომსვლოდა. გული ძალიან ამიჩუყდა. ჩემს დროშაში ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც წეღან ჩამოვთვალე და ამ დროს ცრემლების შეკავება ძალიან რთულია. ახლა გულს მიჩუყებს იმაზე ფიქრი, ჩემები როგორ განიცდიდნენ და ცრემლების შეკავება როგორ უჭირდათ.

ტურნირს ძალიან კარგი ფორმით შევხვდი და ვფიქრობ, 99 პროცენტით მზად ვიყავი. ყველაფერი ძალიან კარგად გავიარეთ და დავგეგმეთ. სხვანაირად არ შეიძლებოდა და ფინალამდე ან ფინალში წაგება ძალიან დამაზარალებდა. იმოქმედებდა ჩემს სპორტულ კარიერასა და ფსიქოლოგიაზე. მადლობა ღმერთს, ეს არ მოხდა და მიზანს მივაღწიე. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოლიმპიური ოქრო მაქვს დარჩენილი და 2028 წელს ამასაც მოვიპოვებ“.

ცნობისთვის, ტურნირის მეშვიდე დღეს საქართველოს სახელით სამი ძიუდოისტი იასპარეზებს. +100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილსა და გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, ხოლო ქალთა შორის, +78 კგ-ში, სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში პირველად | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
კარიერაში პირველად | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა