„ილეთებს ვგრძნობდი და ვაკეთებდი, სუნთქვა არ მომყვებოდა“ - თუშიშვილის პირველი კომენტარი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. მძიმე წონით კატეგორიაში გამოსვლა გურამ თუშიშვილმა კარგად დაიწყო და მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუსა და გვინეელი მუსტაფა ფოფანას დამარცხების შემდეგ მერვედფინალში გავიდა, სადაც რუსი ვალერი ენდოვიცკისთან წააგო და პლანეტის პირველობას გამოეთიშა. რა გახდა მარცხის მიზეზი, ამის თაობაზე თუშიშვილმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
გურამ თუშიშვილი
რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონობაზე ვფიქრობდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ მესამე წრეში დავმარცხდი, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვერაფერს დავაბრალებ, კარგი შეკრება გავიარეთ, რაც შედეგებშიც აისახა. რაც შეეხება ჩემს გამოსვლას, ალბათ ტურნირის მიმდინარეობისას, ფორმაში შესვლა ვერ შევძელი - ილეთებს კი ვგრძნობდი და ვაკეთებდი, მაგრამ სუნთქვა არ მომყვებოდა.
ხვალ, ჩვენი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე გუნდურ შეჯიბრებაში უნდა გავახაროთ. მოვალ, გახურდები და ყველანაირად ვეცდები გუნდს დავეხმარო, მაგრამ ვფიქრობ გარისკვა არ ღირს და სჯობს იმან იჭიდაოს, ვინც უკეთეს ფორმაშია. ტრავმა არ მაწუხებს, უბრალოდ მარცხის გამო უზომოდ გულდაწყვეტილი ვარ.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) ავიდნენ, ვერცხლის მედალს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.