გურამ თუშიშვილი
Aa
Aa

დასკვნითი დღე მედლის გარეშე - თუშიშვილის მარცხი 1/8-ფინალში

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს დასკვნითი ინდივიდუალური გამოსვლები მიმდინარეობს. +100 კგ კატეგორიაში იასპარეზა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც კარგი საწყისი ორი გამარჯვების შემდეგ, 1/8-ფინალში მარცხი იწვნია და უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილის მეტოქე რუსი ვალერი ენდოვიცკი იყო. გურამმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უპირატესობაც ჰქონდა, მეტოქეს იუკოც მიაღებინა, თუმცა დროის დასკვნითი ნაწილი ცუდად ჩაატარა, უხეში შეცდომა დაუშვა და ვაზარიც გაუშვა. საბოლოოდ, დამსახურებულად დამარცხდა და მიმდინარე მსოფლიოზე მედლის გარეშე დარჩა.

დასკვნითი დღე ქართული დელეგაციისთვის უიღბლო გამოდგა. თუშიშვილამდე პირველივე ეტაპზე მარცხი იწვნია +100 კგ-ში ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელიც უზბეკ ოლიმპიურ ბრინჯაოს პრიზიორთან მუზაფარბეკ ტურობოიევთან „ოქროს დროში“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. +78 კგ-ში სოფიო სომხიშვილიც ასევე პირველივე რაუნდში 7 წამში იპონით დამარცხდა.

ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი კვირას, 11 ოქტომბერს გუნდური შეჯიბრით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები