ილია სულამანიძე
Aa
Aa

„მთელი დღის განმავლობაში შეუპოვარი ძიუდო აჩვენა“ - IJF-ი სულამანიძეზე

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე -100 კგ კატეგორიაში ილია სულამანიძის ჩემპიონობას გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF), რომელმაც ქართველ ჯუდოკას შეუპოვარი მებრძოლი უწოდა.

„განთესვისა და ფორმის მიუხედავად, ბაქოში, ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე, ტურნირის მეექვსე დღეს ტიტულისთვის არაერთი სერიოზული პრეტენდენტი იბრძოდა. გასახურებელი დარბაზის ყველა კუთხეში მსოფლიოს, კონტინენტისა და ოლიმპიურ მედალოსნებს შეხვდებოდით, თუმცა საბოლოო ჩემპიონის ვინაობის გამოცნობა შეუძლებელი იყო.

ტექნიკურსა და ტაქტიკურ ბრძოლაში რთული იყო იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ ვის სასარგებლოდ წარიმართებოდა დაპირისპირება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე სულამანიძე და არაი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება საქართველოს დარჩა.

ტატამიზე აქტიურობის ნაკლებობა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდა.

სულამანიძემ მთელი დღის განმავლობაში შეუპოვარი ძიუდო აჩვენა და მთელი გულით იბრძოლა. უაღრესად დაძაბული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც გამარჯვება ნებისმიერს შეეძლო დარჩენოდა, ქართველმა ძიუდოისტმა დოტა არაი „ოქროს დროში“ იუკოზე დააგდო.

თავდაპირველად ჩანდა, რომ არაის შეტევა შედეგიანი იყო, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მან ილეთი კონტროლის გარეშე დაასრულა. სინამდვილეში, კონტროლი სულამანიძემ მოიპოვა, არაი თეძოზე დააგდო და შესაბამისად, იუკოც მას ჩაეთვალა.

„არ ვიცი, რას ვგრძნობ“, - განაცხადა ილია სულამანიძემ. „ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდი. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ქულა იყო. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ!“

დაუჯერებელია, რომ სულამანიძეს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არასდროს უასპარეზია“.

- წერს IJF-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები