ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

IJF: ძიუდოს სამყაროს ეპიკური ბრძოლა და ტატო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს -81 კილოგრამ კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილის მორიგი დიდებული გამოსვლა ვიხილეთ. ქართველმა ჯუდოკამ ფინალში მასპინძელ ზელიმ ცკაევს „გოლდენ სქორში“ მოპოვებული ვაზარით სძლია.

გრიგალაშვილის ასპარეზობას გამოეხმაურა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF), რომლის სტატიასაც უცვლელად გთავაზობთ:

„შეჯიბრის ამ მეოთხე დღის დასასრული იმაზე იდეალური ვერ იქნებოდა, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის ათლეტის დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონატის 5-გზის ფინალისტთან. ზელიმ ცკაევმა ბევრი იშრომა ამ ფინალში მოსახვედრად, მაგრამ ტატო გრიგალაშვილთან დაპირისპირება მარტივი ამოცანა არავისთვისაა, თუნდაც მათ მხარეს ტანვარჯიშის ეროვნულ არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი იყოს.

ამ ორმა ძიუდოისტმა ტატამიზე ყველაფერი დადო: მთელი თავისი სულისკვეთება, ეროვნული სიამაყე და გული. მათ ძიუდოს სამყაროს ეპიკური ბრძოლა აჩუქეს - ჯერ ჩავლების, შემდეგ კი შეტევების, კონტრშეტევებისა და გადარჩენის. მათ რიგრიგობით მიიღეს გაფრთხილებები, მაგრამ ყველა იმ ქულას ელოდა, რომელიც შეხვედრის ბედს გადაწყვეტდა; ეს შეიძლებოდა ნებისმიერ წამს მომხდარიყო.

„ოქროს ქულის“ დაწყებისთანავე არენაზე მოლოდინი საგრძნობი იყო, არავინ იცოდა რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, თითოეული ქვეყნის გულშემატკივრები თავიანთ დროშებს აფრიალებდნენ და საკუთარ გმირებს ამხნევებდნენ.

ქულის, კერძოდ კი კონტრშეტევაზე შესრულებული ვაზარის მოპოვებას თითქმის ათი წუთი დასჭირდა. დადგა სიჩუმის წამი, სანამ ვიდეოგამეორებით ყველაფერს ზუსტად არ გადაამოწმებდნენ. ტატო გრიგალაშვილმა ეს კვლავ შეძლო - ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია! ზელიმ ცკაევს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მედალი აქვს, მაგრამ თავისი პირველი ოქროს მოსაპოვებლად მას მომდევნო ტურნირზე დაბრუნება მოუწევს.

„ბოლო სამი თვე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პერიოდი იყო“, - თქვა გრიგალაშვილმა. – „გუნდში ცვლილებები მოხდა, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი მწვრთნელის წასვლის შემდეგ, ამიტომ ადაპტაცია და ხელახლა ორგანიზება დაგვჭირდა. ახალ გუნდთან, ჩემს პირად მწვრთნელებთან და ჩემ გარშემო მყოფ ყველა ადამიანთან ერთად, ჩვენ განვაგრძეთ მუშაობა საერთო მიზნისთვის. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ერთობლივმა ძალისხმევამ მოგვცა საშუალება, ეს ტიტული კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ მოგვეპოვებინა“.

აქვე გეტყვით, რომ ტატო გრიგალაშვილს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 12-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველ ჯერზე ფინალამდე მიდის - ევროპაზე 3 ოქრო და 3 ვერცხლი, ხოლო მსოფლიოზე 4 ოქრო და 2 ვერცხლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები