„ტკივილგამაყუჩებლებით ვიჭიდავე... ძალიან მინდოდა ჰიმნი ამეჟღერებინა“ - ეთერ ლიპარტელიანი
ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) იაპონელ აკარი ომორის დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი იუკოთი დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალური შეხვედრის შემდეგ ეთერ ლიპარტელიანმა მედიასთან ისაუბრა.
ეთერ ლიპარტელიანი: პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. დღევანდელ დღეს დადებითად შევაფასებდი, რადგან ნეკნის ტრავმა მქონდა და თითქმის სულ გამაყუჩებლებით მიწევდა ჭიდაობა. საბოლოოდ მაინც მოვახერხე ფინალში გასვლა, თუმცა ძალიან მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი. ყველანაირად მზად ვიყავი ამისთვის, ძალიან კარგი შეკრებები გავიარე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის ჩვენს ფედერაციას, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს გვერდში დგომისთვის.
ძალიან მინდოდა ტიტულის დაცვა, დასაცავად არ წამოვსულვარ, პირიქით, წამოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთი ისტორია დამეწერა, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამომივიდა, თუმცა შევეცდები მომავალ წელს ჩემი ტიტული ისევ დავიბრუნო და ისევ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი.
ძალიან მინდოდა საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა დღეს და მოტივირებული ვიყავი ამ ყველაფრისთვის. ჩემი ტრავმა გვერდზე გადავდე და მინდოდა, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა დღეს, თუმცა ფინალში უკვე ძალიან მტკიოდა და არ მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი კარგი ილეთები გამეკეთებინა. ძალიან გული დამწყდა, როდესაც დავინახე იაპონიის დროშა მაღლა, ჩვენი კი დაბლა. ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვასწორებ და კიდევ ბევრჯერ გავხდები ჩემპიონი.
კითხვა: შენი აზრით, რა დაგაკლდა დღეს ბოლოს ფინალში?
ეთერ ლიპარტელიანი: ვფიქრობ, არაფერი დამიკლია, მე მაქსიმალური ჩავდე ამ ბრძოლაში, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის, თუმცა ისევ აღვნიშნავ იმას, რომ მქონდა ტრავმა და არ მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი ძლიერი ილეთები გამეკეთებინა. საწყენი იყო ეს ყველაფერი. მთელი დღე ცოტა დაძაბული ვიყავი იმის გამო, რომ ჩემს ილეთებს ვერ გავაკეთებდი ისე, როგორც ვაკეთებ, თუმცა ცოტა გამაყუჩებლებით შევძელი, რომ გამეკეთებინა ილეთები.
კითხვა: ამ ტრავმის გამო ხომ არ იცი, წინასწარ გუნდურში შეძლებ თუ არა ჭიდაობას?
ეთერ ლიპარტელიანი: მე ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი გუნდის გვერდით ვიყო, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვიბრძოლო ჩემს გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა ცოტა მეტკინება, მაგრამ ვიბრძოლებ.
კითხვა: მზად ხარ მაგისთვის?
ეთერ ლიპარტელიანი: მზად ვარ.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ლიპარტელიანმა მეორე რაუნდში ურუგვაელი მაია ლეოპოლდი იპონით დაამარცხა. მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონი სარა სოუზას დაუპირისპირდა და ულამაზესი იპონით მოიგო. მეოთხედფინალში ლიპარტელიანმა ანა ვიკტორია პულიიზსაც იპონით სძლია და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში ეთოს რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. ლიპარტელიანის მეტოქე გერმანელი სეიია ბალჰაუსი იყო და ქართველმა იუკოთი იმარჯვა.