„ჩემმა დარგულმა ხემ ნაყოფი გამოიღო“ - გუჯეჯიანი სულამანიძის მადლობას ეხმიანება
ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ილია სულამანიძემ მადლობა გადაუხადა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი იყო. ამ უკანასკნელმა უზბეკეთის ნაკრებში მუშაობა სულ ახლახანს დაიწყო, იქამდე კი იმ ოქროს თაობის დამრიგებელი და ასეთ ტრიუმფამდე მომყვანი კი სწორედ ის და მისი სამწვრთნელო გუნდი გახლდათ. სულამანიძემ ამ ყველაფერს ხაზი საჯაროდ გაუსვა, რითაც გუჯეჯიანი უზომოდ ბედნიერია და ეს არც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაუმალავს.
ლაშა გუჯეჯიანი
ილია სულამანიძის მიმართ ჩემი ემოციები არის შემდეგი, რომ ძალიან გახარებული ვარ. ამაყი გახლავართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველმა მოიგო ოქროს მედალი და თანაც იმ ქართველმა, რომელიც მუდამ ჩემი მიზნების, ოცნებებისა და გონების ნაწილია და გუშინ დაფიქსირდა ის, რომ ჩემმა დარგულმა ხემ ნაყოფი გამოიღო.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აღნიშნა და მადლიერება გამოხატა ჩემს მიმართ, ამით რა თქმა უნდა, ადამიანურად ძალიან ამაყი ვიყავი და გამიხარდა, მაგრამ არ გამკვირვებია. არ გამკვირვებია, რადგან ვიცი ილია როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია და როგორი მადლიერებით ცხოვრობს.
ცნობისათვის, ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. საინტერესოა ისიც, რომ ბაქო ილიასთვის იღბლიანი ქალაქია - სანამ პლანეტის პირველობას მოიგებდა, 2023 და 2024 წელს ჰეიდარ ალიევის სახელობის გრანდ სლემზე პირველი ადგილი დაიკავა.