„ნამდვილი მეომარია“ - ვისენტე იბორამ ქოჩორაშვილი შეაქო
„ლევანტეს“ მწვრთნელის ასისტენტმა, ვისენტე იბორამ ABC-სთან ინტერვიუში „სევილიას“ ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც ის „ლევანტეში“ 2024-2025 წლების სეზონში თამაშობდა.
„კარგი მეგობრები ვართ. როცა ცნობილი გახდა, რომ ქოჩორაშვილი შეიძლება „სევილიაში“ გადავიდეს, მან დამირეკა და გუნდის შესახებ მკითხა [იბორას „სევილიაში“ 4 სეზონი აქვს გატარებული].
ვფიქრობ, ქოჩორაშვილი იდეალურად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც „სევილიას“ ფანებს შეიძლება ჰქონდეთ. მას შეუძლია გუნდში სტაბილურობის შემოტანა, რაც ახლა „სევილიასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია.
ქოჩორაშვილმა ესპანური ფეხბურთი კარგად იცის და მოედანზე ნამდვილი მეომარია. მართალია, ახლა გუნდი საუკეთესო პერიოდს არ გადის, მაგრამ ის გუნდთან ერთად გაიზრდება და მოუმატებს. გიორგი ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერია და კარგად იბრუნებს ბურთს, კარგი გრძელი პასი აქვს. მას უყვარს შეტევაში ჩართვა და გოლების გატანა.
ქოჩორაშვილი უნივერსალი ნახევარმცველია და როგორც საყრდენზე, ისე 6 და 8 ნომერზე თამში შეუძლია. გასახდელისთვის ის შესანიშნავი ბიჭია, კარგ ატმოსფეროს ქმნის და საქმეს პროფესიონალურად უდგება. არ გამიკვირდება, რომ ოდესმე „სევილიას“ კაპიტანი გახდეს“.
ცნობისთვის, ლევანტე-სევილიას მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. გიორგი ქოჩორაშვილი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.