ოლიმპიურ პრიზიორთან წააგო - დემეტრაშვილი ტურნირს გამოეთიშა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგენლიდან ერთიღა დარჩა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანმა გურამ თუშიშვილმა საწყისი ორივე შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. 24 წლის ირაკლი დემეტრაშვილს კი, პირველივე წრეში საკმაოდ ძლიერი ოპონენტი შეხვდა და მსოფლიოს პირველობას გამოეთიშა.
ირაკლის მეტოქე 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევი იყო, რომელსაც ამჟამად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლაშა გუჯეჯიანი ამზადებს. დემეტრაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ტიტულოვან მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
ცნობისათვის, დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სოფიო სომხიშვილმაც იასპარეზა და ირაკლი დემეტრაშვილის მსგავსად, ისიც პირველივე წრეში დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. მსოფლიოს ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.