მარცხი პირველივე წრეში - სომხიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი დაასრულა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გრძელდება ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ინდივიდუალური შეჯიბრების უკანასკნელ დღეს ტატამიზე საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა სამწუხაროდ ერთმა მათგანმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა და ახლა მისი დახმარების იმედი მხოლოდ ხვალ გასამართ გუნდურ შეჯიბრებაში უნდა გვქონდეს.
საუბარია სოფიო სომხიშვილზე, რომელიც +78 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ასპარეზობდა და რუს მარია ივანოვასთან იპონზე ზუსტად შვიდ წამში დაეცა. რთული სათქმელია, სოფიოს დაბალი კონცენტრაციით იყო ეს მარცხი გამოწვეული, თუ სხვა რამით, თუმცა ფაქტია, რომ ივანოვამ მიმდინარე ტურნირზე ყველაზე სწრაფი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გამარჯვება მოიპოვა.
ცნობისათვის, გურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და მონღოლი ცეცეტსენგელ ოდხუუ იპონით დაამარცხა, ხოლო ამავე, მძიმე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი ირაკლი დემეტრაშვილი საქმეში მოგვიანებით ჩაერთვება და მისი მეტოქე უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევი იქნება.