მნიშვნელოვანი სამი ქულა - მოქმედი ჩემპიონი დროებით გალიდერდა
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 28-ე ტური წყალტუბოში გაიხსნა, სადაც გათამაშების აუტსაიდერმა „მეშახტემ“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „იბერია 1999“-ს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. მოპოვებული სამი ქულით „იბერიელებმა“ მართალია დროებით, მაგრამ მაინც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
სტუმრებმა მასპინძლების კარში პირველი ტაიმის 5-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს და ორივე შემთხვევაში „მეშახტეს“ დაცვის ხაზი ჩავარდა. „იბერია 1999“ ჯერ ხორვატმა ლეგიონერმა ფილიპ ჩანჩარმა დააწინაურა, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ სიხარულაშვილმა მეკარისა და დაცვის ხაზის შეუთანხმებელი ქმედებით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მასპინძლებმა მოახერხეს, ცოტნე ფაცაციას გოლი იყო.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის 28-ე ტურის კიდევ ორი მატჩი „რუსთავი“ - „დილა“ და „სპაერი“ - „ტორპედო“ დღეს გაიმართება, „სამგურალი“ - „გაგრა“ და „დინამო ბათუმი“ - „დინამო თბილისი“ კი ხვალისთვის არის ჩანიშნული.