„კატასტროფაა“ - ევროპული ფედერაციები სანაკრებო პაუზის განრიგის ცვლილებას ითხოვენ
ევროპული საფეხბურთო ფედერაციები ახალი საერთაშორისო კალენდრით უკმაყოფილონი არიან.
როგორც The Guardian იტყობინება, ეროვნული ასოციაციები უეფასთვის მიმართვას გეგმავენ, რათა სანაკრებო მატჩების პაუზების ძველი ფორმატის დაბრუნება მოითხოვონ.
მიმდინარე სეზონში სექტემბრისა და ოქტომბრის პაუზები ერთ, სამკვირიან პაუზად გაერთიანდა. შედეგად, ევროპულმა ნაკრებებმა ერთა ლიგის ოთხ-ოთხი მატჩი ძირითადად 11 დღეში ჩაატარეს.
ხუთშაბათს, ბერლინში გამართულ ევროპული ფედერაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ახალი ფორმატის წინააღმდეგ პრაქტიკულად ერთხმად გამოვიდნენ. ეროვნული ასოციაციების ერთ-ერთმა პრეზიდენტმა მას „კატასტროფა“ უწოდა.
ძირითადი პრეტენზიები ფეხბურთელებზე დიდ დატვირთვასა და ტრავმებს უკავშირდება. იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც საერთაშორისო პაუზის დროს დაზიანებები მიიღეს, არიან კილიან მბაპე, კოდი გაკპო, ალექსანდერ ისაკი, ალექს სკოტი და ბრაიან ბრობი.
პატარა ფედერაციები ასევე შიშობენ, რომ ახალი კალენდარი უპირატესობას იმ ნაკრებებს ანიჭებს, რომლებსაც ფეხბურთელების უფრო ფართო არჩევანი აქვთ. გარდა ამისა, ზოგიერთ ასოციაციას მოკლე დროში ორი საშინაო მატჩის ბილეთების გაყიდვისას სირთულეები შეექმნა.
ფედერაციების წარმომადგენლები უპირატესობას ძველ ფორმატზე დაბრუნებას ანიჭებენ, რომელიც ხუთ ორკვირიან საერთაშორისო პაუზას ითვალისწინებდა.
ამასთან, ცვლილებების მიღწევა რთული იქნება, ვინაიდან საერთაშორისო მატჩების კალენდარი ფიფას მიერ 2030 წლამდეა დამტკიცებული.