FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები - არსენ ვენგერი ინფანტინოს მთავარ კონკურენტად?
არსენ ვენგერი შესაძლოა ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში ჯანი ინფანტინოს მეტოქე გახდეს. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, მომავალი წლის 18 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედმა ხელმძღვანელმა წამოაყენა. თუმცა ინფანტინოს მოწინააღმდეგეები კვლავ იმედოვნებენ, რომ ბოლო ვადის ამოწურვამდე (18 ნოემბრამდე) შვეიცარიელს სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდება.
ზოგიერთი მათგანი იმედოვნებს, რომ არსენ ვენგერს კანდიდატურის წამოყენებაში დაარწმუნებს. ამჟამად „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების ხელმძღვანელად მუშაობს.
ასევე არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, რომელიც ინფანტინოს მეტოქე 2016 წელს იყო.
აღნიშნულია, რომ კონკაკაფის (CONCACAF) პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი, რომელიც ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთ პოტენციალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს.