უეფას ახალგაზრდული ლიგა | „პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ“
ხვალ თბილისის დინამოს 19 წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ პირველ მატჩს გამართავს.
მატჩამდე „დინამოელთა“ მთავარმა მწვრთნელმა ვასილ გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მეტოქე კარგად ჰყავთ შესწავლილი და თბილისური გუნდი პირველად ნომრად თამაშს აპირებს.
„ბიჭები მზად არიან, მონდომებულები არიან და ცდილობენ, რომ გაითავისონ ეს ყველაფერი და კონცენტრაცია მოახდინონ 10 ოქტომბრის თამაშზე. მეტოქეს იგივე მწვრთნელი ჰყავს, რაც შარშან ჰყავდა. რაღაც დეტალები არის განსხვავებული, ტაქტიკის მხრივ, მაგრამ მთლიანობაში სტილი იგივეა - კომპაქტურად თამაშობენ, ბალანსი დაცული აქვთ.
ჩვენც ვეძებთ როგორც პლიუსებს, ისე მინუსებს და მოვემზადებით კონკრეტულად ამ თამაშისთვის. დაგეგმილი გვაქვს, რომ შევთავაზოთ ჩვენი ფეხბურთი - აგრესიულად, პირველ ნომრად, შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაცვაშიც მაქსიმალური კონცენტრაცია გვექნება.
პირველ რიგში ბიჭებისთვისაა ეს მოტივაცია, რომ მაყურებელი მოდის და მეტი შემართებით ითამაშებენ. ახლა სჭირდებათ მათ ეს ემოციები, რომ გულშემატკივრებმა, როგორც მე-12 მოთამაშემ, უფრო მეტად აიყოლიონ ფეხბურთელებიც“.
ცნობისთვის, მინსკის „დინამოსთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების ორივე შეხვედრა თბილისში გაიმართება - 10 და 14 ოქტომბერს. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ვასილ გეგუჩაძის გუნდი „კოპენჰაგენს“ შეხვდება.