კვერნაძეს გიტენსზე წინ აყენებს | გასპერინის მოთხოვნებს ქართველი შეესაბამება
იტალიური Gazzetta-ს ინფორმაციით, „რომა’’ მზადაა გიორგი კვერნაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. 23 წლის გარემარბი „ჯალოროსის’’ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რომაული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი ქართველს ბაინო გიტენსზე წინ აყენებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვერნაძის სათამაშო მახასიათებლები გასპერინის მოთხოვნებს შეესაბამება - მას აქვს კარგი მარჯვენა ფეხი, თავისუფალ სივრცეებში შეჭრის უნარი და მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა ერთ-ერთზე თამაშისას. ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობითაც გამორჩეულია: მას 30 მცდელობიდან 16 წარმატებული დრიბლინგი აქვს შესრულებული, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. „რომას“ მიზანი შეტევითი პოტენციალის გაზრდა და ცენტრალური თავდამსხმელის, მალენის, უკეთ მომარაგებაა. კვერნაძე ამ გეგმის განხორციელებაში მნიშვნელოვანი ფიგურა შეიძლება გახდეს.
გიორგი კვერნაძის მიმართ ინტერესი იტალიურ და ევროპულ პრესაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გასული თვის მიწურულს, საფეხბურთო ტრანსფერების ექსპერტმა, ეკრემ კონურმა დაწერა, რომ კვერნაძე ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრშია. სატრანსფერო ბაზარზე მასთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: „დორტმუნდი'' ქართველ შემტევს აქტიურად აკვირდება, „რომასთან'' უკვე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკება, ინგლისურმა „ჰალ სიტიმ'' ფეხბურთელის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. გარდა ამისა, კვერნაძის გადაბირების ინტერესს ინგლისისა და გერმანიის სხვა გუნდებიც იჩენენ.
ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მონაცემების განახლების შემდეგ გიორგის ფასი გაორმაგდა და 8 მილიონს მიაღწია.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ 5-დან 4 მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა. საგოლე მოქმედების გარეშე მხოლოდ პირველ ტურში „იუვესთან'' იყო, „ფიორენტინასთან'' საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ ზედიზედ სამ მატჩში შეაგდო: „ვენეციასთან'', „ჯენოასთან'' და „კომოსთან''.