დინამო ლიდერია - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დერბიში
საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის „დინამო“ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. 22-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე თბილისური დერბი შედგა და თემურ ქეცბაიას შეგირდებმა სტუმრად მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 2:1 დაამარცხეს. სანაკრებო პაუზის გამო, მოცემულ ეტაპზე როგორც ერთი, ასევე მეორე კლუბის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელია გამოძახებული 21-წლამდე ნაკრებში, რის გამოც მეტოქეები ერთმანეთის წინააღმდეგ თანაბარი დანაკლისით თამაშობდნენ.
სტუმრები მეცხრე წუთზე ფრანგმა ლეგიონერმა მაქსიმ ტეიშეირამ დააწინაურა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა კარგი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. 71-ე წუთზე მათე ვაწაძის ძლიერი თავური დარტყმა გიორგი მაკარიძემ ხელებში ვერ შეიმაგრა და „დინამო თბილისის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოქმედმა ჩემპიონმა მოახერხა, 11-მეტრიანის ნიშნულიდან გატანილი ბურთია, რომელიც ნიკოლოზ სიხარულაშვილმა მოიპოვა და გოლად გიორგი ჯინჯოლავამ აქცია.
ცნობისათვის, 27 ტურში დაგროვებული 48 ქულით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სატურნირო ცხრილს „დინამო თბილისი“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „დინამო ბათუმს“ ერთი ქულით, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციებზე მყოფ „იბერია 1999“-სა და „რუსთავს“ 2-2 ქულით უსწრებს. მომდევნო, 28-ე ტურის მატჩები 10-11 ოქტომბერს გაიმართება.