ბილბაო, გიორგი წიტაიშვილი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

რაიო ვალეკანო ბილბაოს მატჩი ჩაიშალა - ქომაგები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრა „რაიო ვალეკანოსა“ და „ბილბაოს“ შორის (0:0, პირველი ტაიმი) მას შემდეგ საბოლოოდ შეწყდა, რაც თამაში რამდენჯერმე შეაჩერეს.

მე-14 წუთზე ქომაგებმა მოედანზე უცხო საგნების სროლა დაიწყეს, მათ შორის იყო ქაღალდის თვითმფრინავები და პლასტმასის ბურთები. ტრიბუნებიდან ისმოდა შეძახილები, რომლებითაც კლუბის პრეზიდენტის, მარტინ პრესას გადადგომას ითხოვდნენ. მთავარმა მსაჯმა ხოსე მარია სანჩეს მარტინესმა თამაში შეაჩერა და გუნდების კაპიტნებს გაესაუბრა.

გარდა ამისა, „რაიოს“ ნახევარმცველი ალვარო გარსია გულშემატკივრებთან მივიდა, რათა მათ დალაპარაკებოდა.

25-ე წუთზე შეხვედრა მოედანზე არსებული უცხო საგნების გამო კვლავ შეჩერდა. სანჩეს მარტინესმა ორივე გუნდის ფეხბურთელები და მსაჯთა ბრიგადა გასახდელებში გაუშვა.

დაახლოებით 25 წუთის შემდეგ, როცა მოედანი გასუფთავდა, მატჩი განახლდა, მაგრამ გულშემატკივრებმა მოედანზე ქაღალდის თვითმფრინავების სროლა გააგრძელეს და, პოლიციის რეკომენდაციით, თამაში საბოლოოდ შეწყდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდელთა ფანებმა „კამპო დე ვალეკასზე“ დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩზე საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს და თავდაპირველად მხოლოდ ქაღალდის თვითმფრინავების სროლით შემოფარგვლა სურდათ.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილს, ქართველი ლეგიონერი სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა თადარიგში იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები