Crystalbet ეროვნული ლიგა - დილამ სპაერი დაამარცხა
Crystalbet ეროვნული ლიგის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში „სპაერმა“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.
თავდაპირველად, მე-11 წუთზე თბილისური კლუბი თემურ ცალუღელაშვილის გოლით დაწინაურდა, თუმცა „დილამ“ პირველივე ტაიმში შეძლო 4 გოლის გატანა და გამარჯვების განაღდება.
„სპაერის“ კარში გამათანაბრებელი გოლი 22-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გაიტანა. 31-ე წუთზე მოჰამედ კანტემ „დილა“ წინ გაიყვანა. 43-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა „სპაერის“ კარში მე-3 გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მოჰამედ კანტემ დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის კარში დუბლი შეასრულა.
ამ გამარჯვებით, „დილამ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, „სპაერი“ კი 25 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.
Crystalbet ეროვნულ ლიგაში 28-ე ტური 10-11 ოქტომბერს გაიმართება.