„ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, დანარჩენი კი...“ - მიქაუტაძე ფრანგულ ტელევიზიას ესაუბრა
„ვილიარეალის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე „ხეტაფესთან“ მატჩის შემდეგ DAZN-ის ფრანგულ ბიუროს ესაუბრა.
ჟურნალისტმა 25 წლის ფეხბურთელს ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა მენტალურად თავს ესპანურ გუნდში - „არის მატჩები, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ხარ, ზოგჯერ კი - სათადარიგოთა სკამზე. ამას როგორ უმკლავდები? მსგავსი რამ შენს კარიერაში მანამდეც არაერთხელ გამოგიცდია?“
მიქაუტაძის პასუხი კი ასეთი იყო - „დიახ, ასეთი რამ უკვე გამოცდილი მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისურვებდი სულ ძირითადში თამაშს, ზედიზედ მატჩების ჩატარებასა და გოლების გატანას. მაგრამ ეს ფეხბურთია და ასე ხდება. არის მწვრთნელი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ კი ვეგუებით და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ, როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, არჩევანი კი მწვრთნელის გასაკეთებელია“.
ამის შემდეგ, ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელს „ლიონის“ შესახებაც ესაუბრა:
ჟურნალისტი - „ლიგა 1-ში, „ლიონის“ თამაშებს ისევ ადევნებ თვალს?“
მიქაუტაძე - „დიახ, ვნახე, რომ დასაწყისში 1:0-ს აგებდნენ. არ იცი, როგორ ითამაშეს?“
ჟურნალისტი - „მგონი, წააგეს. ცოტა რთული სიტუაციაა. თუმცა, მოგწონს ის სამუშაო, რაც „ლიონში“ ბოლო თვეების განმავლობაში შესრულდა? მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცოტა რთული პერიოდი აქვთ. მწვრთნელის ცვლილება მოხდა და ეს მარტივი არ არის. ეს გაგონებს იმ სიტუაციას, რაც თქვენც გამოიარეთ პიერ საჟის დროს“.
მიქაუტაძე - ზუსტად ასეა. თუმცა, ვფიქრობ, „ოლიმპიკ ლიონი“ გამოსავალს ყოველთვის იპოვის. ეს დიდი კლუბია, სადაც ძალიან კარგი ადამიანები და ფეხბურთელები არიან. ვიცი, რომ როგორც უკვე ვთქვი, ეს ის კლუბია, რომელიც სირთულეებიდან ყოველთვის გამოძვრება. მე კი მთელი გულით მათთან ვარ.
მიმდინარე სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 25 წლის შემტევი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი შეხვედრებისთვის ემზადება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს