„აბსოლუტურად საკვანძო ფეხბურთელია“ | შტურმის ექს-მოთამაშე კიტეზე
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის „შტურმს“ რთული პერიოდი უდგას. გრაცელებს ავსტრიის ბუნდესლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და 12 ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე მხოლოდ 19 ქულაა. „შტურმი“ ლიდერ „რაპიდს“ 14 ქულით ჩამორჩება და ბოლო ტურში მეორეადგილოსან „ზალცბურგთან“ დამარცხდა.
„კიტე“ გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება და „შტურმის“ ყოფილი ფეხბურთელი, იაკობ იანტშერი თვლის, რომ მისი არყოფნა სერიოზული დანაკლისია: „პირადად მე, ვთვლი, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმისთვის“ აბსოლუტურად საკვანძო ფეხბურთელია.
კიტეიშვილი არის მოთამაშე, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული და ახლა „შტურმს“ ასეთი დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ, რათა მიზანს მიაღწიონ“.
ცნობისთვის, „შტურმი“ წარმატებით ვერც ევროპის ლიგაზე ასპარეზობს. გრაცელებს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის 24-ე პოზიციას იკავებენ. „შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს გამართავს და „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება კიტეიშვილს, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ფარგლებში, მან მონაწილეობა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო. „კიტეს“ ანგარიშზე 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს