ჩეხეთთან არ ითამაშებს - იამალს მიკრო ტრავმა აქვს
ლამინ იამალი მომავალ ხუთშაბათს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ლა ლიგის შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის არეში პრობლემები აქვს.
ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, „ბარსელონას“ შემტევმა „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით კმაყოფილმა დატოვა მოედანი, თუმცა მარჯვენა მუხლის არეში ტკივილს გრძნობდა. ორშაბათს დილით მან სამედიცინო გამოკვლევა „ჟოან გამპერის“ სპორტულ ბაზაზე გაიარა. შემოწმებამ სერიოზული დაზიანება არ გამოავლინა.

მიუხედავად ამისა, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების სამედიცინო შტაბებმა გადაწყვიტეს, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში იამალის თამაში არ გარისკონ და აღდგენისთვის დამატებითი დრო მისცენ.
მოსალოდნელია, რომ იამალი ესპანეთის ნაკრებს მომავალ პარასკევს შეუერთდება და კვირას ინგლისთან გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება. მატჩი „მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება და შესაძლოა ჯგუფში პირველადგილოსნის ვინაობა სწორედ მან გადაწყვიტოს.
იამალი მიმდინარე სეზონში პირველად გამოტოვებს მატჩს
ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი იქნება, რომელსაც იამალი გამოტოვებს. მას „ბარსელონას“ 16-ვე შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული — 12-ში ლა ლიგაზე და ოთხში ჩემპიონთა ლიგაზე. ყველა მათგანი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესაძლო 1440 წუთიდან მოედანზე 1355 წუთი გაატარა.
„ბარსელონას“ ფლანგის შემტევმა წინა სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთის ნაკრების ოთხივე მატჩიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჯამში 360 წუთიდან 281 წუთი ითამაშა.
ესპანეთის ნაკრები მიკელ ოიარსაბალის ჩამოსვლასაც ელოდება. გრიპის გამო „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელმა შეკრების დასაწყისი გამოტოვა და ამჟამად სან სებასტიანში გამოჯანმრთელების პროცესს გადის. თუმცა მოსალოდნელია, რომ ინგლისის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს