ირაკლი აზაროვი, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

მისი კლასი საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება | სვანაძე აზაროვზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ირაკლი აზაროვს ეხებოდა, რომელმაც ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების ბოლო შეკრება გამოტოვა.

„ირაკლი აზაროვი თამაშისთვის მზადაა, „შახტარში“ ტრავმის შემდეგ რამდენიმე მატჩში ითამაშა. ჩვენ ვნახეთ მისი თამაში და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. აზაროვი ის ფეხბურთელია, რომლის კლასი საქართველოს ნაკრებს ყოველთვის სჭირდება — მე ამას ასე ვხედავ. ამიტომ, მან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დაიმსახურა. ის ჩვენთან ერთადაა. შანსი დაიმსახურა და ამ შანსს მიიღებს“, — განაცხადა რამაზ სვანაძემ ირაკლი აზაროვზე.

ტრავმის მოშუშების შემდეგ აზაროვმა უკრაინის თასზე, „დინამო კიევთან“ ცვლილებაზე ითამაშა (13 წუთი), შემდეგ კი ჩემპიონატში, „ობოლონთან“ მინდორზე 90 წუთი გაატარა, თუმცა ბოლო ორ მატჩში — ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ და უკრაინის ჩემპიონატში „დინამო კიევთან“ — სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია. ზოგადად, ირაკლი უკრაინულ კლუბში როტაციაშია, მთავარი მწვრთნელი არდა თურანი მარცხენა მცველის პოზიციაზე მეტწილად ბრაზილიელ პედრო ენრიკეს ენდობა.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეროვნული ნაკრებია | სვანაძე გადრანსა და გიორბელიძეზე
    ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეროვნული ნაკრებია | სვანაძე გადრანსა და გიორბელიძეზე