„სავსე მიხეილ მესხი ნაკრებს ძალიან დაეხმარება“ | იაშვილმა ხვიჩაზეც ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნების“ დამრიგებლის გარდა, მოახლოებულ მატჩებზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც ისაუბრა.
„„დინამო არენაზე“ თამაში ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, მოგეხსენებათ, პირველი იარუსი უსაფრთხოების ნორმების გამო ბოლომდე ვერ ივსება. ვფიქრობ, ამ თამაშებში მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მიზანია, უნგრეთთან წარმატებას მივაღწიოთ. ჩავთვალეთ, რომ სავსე „მიხეილ მესხის“ სტადიონი და შექმნილი ატმოსფერო ჩვენს ნაკრებს ძალიან დაეხმარება.
ხვიჩას რაც შეეხება, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ექიმები მას ამის უფლებას მისცემენ თუ არა. გასარკვევია, მისი მუხლისთვის შეიძლება თუ არა ზედმეტი მგზავრობა. რამდენიმე დღეში პასუხი გვეცოდინება. მისი ყოფნა, თუნდაც თამაშზე დასწრება, ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება. კაპიტნის არყოლია ძალიან დიდი დანაკლისია და როგორც ფეხბურთელის, ისე გასახდელში მისი როლი ძალიან დიდია. ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.
ცნობისთვის, სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს „მიხეილ მესხზე“ მიიღებს (14 ნოემბერი), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს კი უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება. უნგრეთთან მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, უკრაინასთან — 23:45 საათზე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს