გურამ გიორბელიძე, რამაზ სვანაძე, ლუკა გადრანი
Aa
Aa

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეროვნული ნაკრებია | სვანაძე გადრანსა და გიორბელიძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ მიხეილ მესხზე პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა გურამ გიორბელიძისა და ლუკა გადრანის ეროვნული ნაკრების სიაში არყოფნას ეხებოდა. ამ თემაზე სვანაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ორივე ფეხბურთელი არამარტო გაფართოებულ სიაშია, არამედ სარეზერვო სიაშია, რომელიც კონკრეტულად ამ შეკრებისთვის გვაქვს.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია და ამიტომ ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას იმსახურებს, ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად მოხვდება. უბრალოდ, აქაც კონკურენციის მომენტებია.

იგივე გიორბელიძის შემთხვევა რომ ავიღოთ,  სია ისე დავაკომპლექტეთ, რომ თამაშის დროს რამდენიმე სისტემის გამოყენების შესაძლებლობა გვქონდეს. თუ ვსაუბრობთ სამი ცენტრალური მცველით თამაშზე, ჩვენ გვყავს წიტაიშვილი, გვყავს აზაროვი, ხოლო თუ საუბარი გვაქვს 4 მცველით თამაშზე, დაცვითი სტილის ბევრი ისეთი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოსვლა შეუძლიათ. გიორბელიძის შემთხვევაში ეს ყველაფერი კონკურენციიდანაა გამოწვეული, სხვა აქ საერთოდ არაფერია, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, მასზეა დამოკიდებული. ანალოგიურადაა, გადრანთან დაკავშირებითაც''.

30 წლის გურამ გიორბელიძემ, რომელიც ერზურუმის ფეხბურთელია, თურქეთის სუპერ ლიგის ბოლო 9 მატჩში მუდმივად სასტარტოშია (809 წუთი), 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 1 ყვითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება ლუკა გადრანს, ბეითარის 29 წლის ცენტრალური მცველი ისრაელის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. მიმდინარე სეზონშიც სტაბილური და დამაჯერებელია. ისრაელის ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საერთო ჯამში 11 მატჩი ჩაატარა (863 წუთი), 2 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. გუნდის ლიდერი და სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშეა. აქედან გამომდინარე, ცხადია რომ როგორც გიორბელიძის, ასევე გადრანის გამოუძახებლობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

ერთ-ერთი კითხვა ორი ცენტრფორვარდით თამაშს ეხებოდა. მთავარი მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო: „რაც შეეხება ორი ცხრიანით თამაშს, ვთქვი რომ ბევრ რამეს თავიდან ვიწყებთ, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობთ. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ვერც ვერაფერს ვადასტურებ. ამ ყველაფერს უკვე პროცესი მოიტანს, კონკრეტული თამაში და ის რეალობა მოიტანს, რომელშიც ჩვენ ვიქნებით''.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რედინგს გაუტანა | ვახო სალიას მე-7 საგოლე მოქმედება ნიუკასლში (U21)
    რედინგს გაუტანა | ვახო სალიას მე-7 საგოლე მოქმედება ნიუკასლში (U21)