რამაზ სვანაძე, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

ნაკრების სიაში მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა | სვანაძე ნარიმანიძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ მიხეილ მესხზე პრესკონფერენცია გამართა. რამაზ სვანაძეს სანდრო ნარიმანიძის ნაკრების სიაში არყოფნის მიზეზზე ვკითხე. 21 წლის მოთამაშე სლოვაკეთში პროგრესიებს, მის აქტივში უკვე 7 საგოლე მოქმედებაა, რაც ცენტრალური მცველისთვის შთამბეჭდავი სტატისტიკაა.

„ნარიმანიძეს ძალიან კარგი სეზონი აქვს, შარშანაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, იგი გახდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ის უკვე ეროვნული ნაკრების კონკურენციაშია.

დღეს ჩვენთან ერთად შეკრებაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო არაა, ჩვენ ასევე გვყავს მარცხენა ფეხით მოთამაშე ორი ცენტრალური მცველი — ლუკა ლოჩოშვილი და ლაშა დვალი. ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, თუ ვინმეზე შეიძლება პრეტენზია არ გვქონდეს, ეს ჩვენი დაცვის ხაზია. ამიტომ ამ მხრივ კონკურენციის მომენტია, მეტი არაფერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ სანდრო ასე გააგრძელებს, ძალიან მალე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებს.

პლუს ამას, ჩვენ გვყავს ჯიმი ტაბიძე. აქაც მიზეზი ის არის, რომ მას თანაბრად შეუძლია ორი პოზიციის დაფარვა. როგორც წიტაიშვილზე იყო კითხვა, ანალოგიური სიტუაციაა ჯიმისთან დაკავშირებითაც. ზოგადად, სიაც ისეა დაკომპლექტებული, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ამ პროცესში რამდენიმე პოზიციის დაფარვა შეუძლიათ. ეს მწვრთნელებს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სისტემების შეცვლა შევძლოთ როგორც თამაშის პროცესში, ისე მატჩის დაწყებამდე ან თუნდაც მეორე ტაიმში.“

ნარიმანიძე ცაცია ცენტრალური მცველია, ამ სეზონში ჟილინას რიგებში სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე 7 საგოლე მოქმედება აქვს (5 გოლი და 2 საგოლე პასი), რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა სვანაძე ამ ეტაპზე უპირატესობას ლაშა დვალსა და ლუკა ლოჩოშვილს ანიჭებს.

სანდრომ სლოვაკეთის ჩემპიონატში გასულ შაბათსაც გაიტანა.

ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. სვანაძის გუნდი მე-5 ტურში უნგრეთს მიხეილ მესხზე მიიღებს (14 ნოემბერი), ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეროვნული ნაკრებია | სვანაძე გადრანსა და გიორბელიძეზე
    ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეროვნული ნაკრებია | სვანაძე გადრანსა და გიორბელიძეზე