„აქ დარჩენა და კიდევ უმაღლეს დონეზე თამაში მინდა“ - ალისონმა თავის მომავალზე ისაუბრა
გუშინ, გავლენიანმა საფეხბურთო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ თავის იუთუბ არხზე გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ბრაზილიელმა მეკარემ შესაძლოა, კლუბი დატოვოს. რომანოს თქმით, ალისონს სხვადსხვა ევროპული კლუბიდან შეთავაზებები აქვს და ჯერჯერობით, გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს 34 წლის მეკარე.
ამასთან დაკავშირებით, გუშინ, „კრისტალ პალასთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ ალისონ ბეკერმაც ისაუბრა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში კვლავ „ლივერპულში“ დარჩენა უნდა.
რას ამბობს ალისონი:
„იცით, ჩემი მომავალი ბევრ ასპექტსა და სხვადასხვა სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუმცა ჩემი სურვილი დარჩენაა. აქ ბედნიერი ვარ როგორც მე, ისე ჩემი ოჯახიც. ჯერ კიდევ მწყურია ტიტულების მოგება და კარგი თამაში. მინდა უმაღლეს დონეზე ვითამაშო იქამდე, სანამ შევძლებ. ასეთია ჩემი ფიქრები ამასთან დაკავშირებით. ჩემი აგენტი კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“.
„დიახ, თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს. ზოგიერთ თამაშში ისეთი შედეგი არ გვაქვს, როგორიც გვინდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, მისი ნაწილია. უბრალოდ უნდა განაგრძო მუხლჩაუხრელი შრომა და სწორი მოტივაცია გქონდეს. სხვა თამაშებშიც ზუსტად ისეთივე მოტივაცია მქონდა, როგორითაც დღეს მოვედი. ეს ისეთი მატჩია, გინდა, რომ სულ ასე ხდებოდეს, მაგრამ იცი, რომ რეალობა სხვაგვარია. მოგიწევს სხვადასხვა სიტუაციასთან გამკლავება, ამიტომ უბრალოდ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, ბევრი იმუშაო და შედეგიც მომავალში აუცილებლად მოვა“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ინგლისის ლიგის თასზე გამოჩნდა - ჯერ ტოტენჰემთან, რომელიც „ლივერპულმა“ 3:1 მოიგო და შემდეგ ჩელსისთან მატჩში, რომელიც ასევე მერსისაიდული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ლონდონელთა წინააღმდეგ თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ქართველ მეკარეს მიუძღვის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს